თბილისი საგანგაშო სიგნალებს იღებს - საიდუმლო წერილი „კურიერს“ ქართული სპეცსამსახურების მოქმედმა თანამშრომელმა გამოუგზავნა. წერილის სკანდალური შინაარსი პირველივე წინადადებაში იკითხება.
ავტორი, რომელიც სპეცსამსახურის მოქმედი თანამშრომელია, ქვეყანაში ტერორისტული აქტების საფრთხეზე წერს, რომლის მიზეზიც შესაძლოა, 2017 წლის ნოემბერში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული ახმედ ჩატაევის ცხედარი გახდეს.
„საკმაოდ ხშირი ხასიათი მიიღო საზღვარგარეთიდან მიღებულმა სიგნალებმა ტერაქტების შესახებ, რომლის უმეტესობაც დაკავშირებულია ტერორისტ ჩატაევის გაურკვეველ ვითარებასთან,“ - აღნიშულია წერილში.
გაურკვეველ ვითარებად ავტორი იმას განმარტავს, რომ ჩატაევის ცხედარი ამ დრომდე დაკრძალული არ არის. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და თბილისის მერია საერთაშორისო ტერორისტთა სიაში მყოფი ჩატაევის დაკრძალვას ერთმანეთს სთხოვენ. თუმცა ვერ თანხმდებიან, რის გამოც წელიწადნახევარია, ცხედარი პროზექტურიდან არ გააქვთ. წერილის ავტორი სწორედ ამას უკავშირებს ტერორისტულ აქტებზე შეტყობინებებს.
ავტორის ინფორმაციით, ყველა შეტყობინების გამოგზავნის საბოლოო წერტილი რუსეთის ფედერაციაა.
"გამოზავნილი მესიჯების უმრავლესობა არის მუქარის შემცველი და იგზავნება ვოთსაფით. მუქარის წერილებში აღნიშნულია, რომ ჩატაევის არგადაცემის შემხთვევაში, იქნება ტერაქტები, რის გამოც, დადასტურებული ინფორმაციით, ცხინვალის ტერიტორიაზე შეინიშნება ტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება, აღნიშნულ ინფორმაციაზე არ ხდება რეაგირება და არც საქმეები აღიძრა ტერაქტების ინფორმაციაზე," - აღნიშნულია წერილში.
წერილში მითითებული არ არის უსაფრთხოების სამსახურის რომელი თანამშრომლები იღებენ უცხოეთიდან მუქარის გზავნილებს. თუმცა ავტორი ამბობს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სანდოა.
საფრთხის რეალურობაზე საუბრობს კავკასიოლოგი, ალექსანდრე კვახაძე. მისთვის გაუგებარია, რა მიზანი აქვს ხელისუფლებას, თუმცა იცინ, ვისი ხელწერაა ცხედრების დაპატიმრება.
პანკისის უხუცესს მიაჩნია, რომ თვეების განმავლობაში დაუკრძალავი ცხედარი მათ რელიგიურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ხასო ხანგოშვილი ამბობს, რომ ამგვარ მეთოდს ძირითადად რუსები იყენებენ.
„ცხედრის შენახვა და ჭირისუფლებისთვის გადაუცემლობა, მიმაჩნია, რომ არის ძალიან ვულგარული მიდგომა საკითხისადმი,“ - ამბობს ხასო ხანგოშვილი.
მოითხოვა თუ არა ოჯახმა ახმედ ჩატაევის ცხედარი, უცნობია, თუმცა მოკლული ტერორისტის მეუღლის ნათესავი ამბობს, რომ ცხედრის გადაცემა სუს-ს ხეობის წარმომადგენლებმა სთხოვეს.
ავტორი: ია გულიაშვილი.