19 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
"არ ვარ ის ადამიანი, რომ ვიღაცის პირადი ცხოვრება სადღაც გავაგზავნო" - „კურიერი“ ბესელიას საქმის ბრალდებულს დაუკავშირდა

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე შსს-მ გახსნილად გამოაცხადა. სამინისტროს ცნობით, პასუხისგებაში მისცეს ადამიანები, ვინც ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები პირველებმა გაავრცელეს. დასახელდა ორი პირი, ერთი სომხეთის ციხის ქართველი პატიმარია და მეორე, კი მოსკოვში მცხოვრები მზია დოლბაძე, თუმცა აღმოჩნდა, რომ უწყებას თარიღები აერია.

„კურიერმა“ ერთ-ერთ ბრალდებულთან, მზია დოლბაძესთან დაკავშირება შეძლო. 1979 წლიდან საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში საცხოვრებლად წასულ პენსიონერ მზია დოლბაძეს სამშობლოში შვიდი წლით ციხე, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების გამო ემუქრება.

დოლბაძემ ტელევიზიით გაიგო, რომ, თურმე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებულად გამოაცხადა, დაუსწრებად მისი სასამართლოც გაიმართა და წინასწარი პატიმრობაც შეუფარდეს. პენსიონერს ვერ აუხსნია, რა შუაშია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრებთან და როგორ უნდა მოეპოვებინა და გაევრცელებინა მასალა, რომელიც თვალით არ უნახავს.

„მე ჩემი ხელით არაფერი არ გამიკეთებია, ასეთ სიბინძურეს მე არასდროს არ გავაჟღერებდი. დამიმტკიცონ, რომ მე რამე გავაკეთე, არც ბუბა ლომთაძისთვის და არც არავისთვის, არ გამიგზავნია. არ ვარ ის ადამიანი, რომ ვიღაცის პირადი ცხოვრება სადღაც გავაგზავნო, რაში მჭირდებოდა,“ - ამბობს დოლბაძე.

„კურიერის“ მოპოვებული დოკუმენტებით კი დგინდება, რომ მზია დოლბაძეს ბრალი შსს-ს ბრიფინგამდე 40 დღით ადრე წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად ივნისშივე შეუფარდეს. თუ გამოძიება დასრულებული იყო, რატომ მალავდა გახარიას უწყება ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმის გახსნას, უწყებაში პასუხი არ აქვთ.

პენსიონერი მოსკოვიდან ჩივილს ევროსასამართლოში აპირებს, არ იცნობს არც ადვოკატს, რომელიც, როგორც ტელევიზიით გაიგო, მის ინტერესებს უკვე თვეზე მეტია, იცავს.

„არც ადვოკატი ამიყვანია, ვინ არის ის ადვოკატი ბარბაქაძე, ვინ არის, მე არ ვიცნობ მაგას... რაზე უნდა დამაკავონ, მე არ გავაკეთებდი, ჯერ ერთი და ვინ არის ბესელია, რას წარმოადგენს, რა კერძო ინტერესი უნდა მქონოდა მე ბესელიასი?“ - ამბობს დოლბაძე.

ოფიციალური ინფორმაციით, მზია დოლბაძემ კადრები რუსეთიდან სომხეთის ციხის პატიმარს, ბუბა ლომთათიძეს იგივე დიმიტრი ანდრეევს გაუგზავნა. საქმის მასალების მიხედვით, ლომთათიძემ უკანონო ვიდეომასალა 31 იანვარს სოციალურ ქსელში პირველმა გაავრცელა. თუმცა გამოძიების ამ ვერსიის არ სჯერა ეკა ბესელიას. დეპუტატი აცხადებს, რომ კადრების პირველწყარო საქმის მასალების მიხედვით, ლომთათიძე ვერ იქნებოდა, რადგან მასალა სოციალურ ქსელში 27 იანვარს გავრცელდა. გამოძიება კი ლომთათიძეს კადრების პირველად გავრცელებაში 31 იანვარს ედავება.

მზია დოლბაძე და ბუბა ლომთათიძე რომ ამ საქმეში ჯერ კიდევ 7 თვის წინ ფიგურირებდნენ, ამას ადასტურებს ადვოკატიც. თუმცა, რატომ წარუდგენს ბრალი რამდენიმე თვის შემდეგ, ადვოკატს პასუხის გაცემა უჭირს.

სომხეთის ციხის პატიმარის შესახებ გახარიას უწყებას ინფორმაცია 7 თვის წინ რომ ჰქონდა, ამას საქმეში გამომძიებლის პატაკიც ადასტურებს. თუმცა 7 თვის წინ გახარიას უწყება მისთვის ბრალის წარდგენის აუცილებლობას ვერ ხედავდა, რა შეიცვალა ახლა, უცნობია.

დღის ამბები