19 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ბიძინა ივანიშვილის კამერის დაზიანებას ედავებიან - პოლიტიკური ოპონენტების დევნა რეგიონებშიც დაიწყო

პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება თბილისის გარდა რეგიონებშიც დაიწყო. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონს, სამართალდამცავები სხვისი ქონების დაზიანებას ედავებიან.

დეპუტატს ბრალს დღეს ოფიციალურად ოზურგეთის პოლიციაში წაუყენებენ. საქმე ეხება შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს. ოპოზიციური პარტიები ბრალის წარდგენას, პოლიტიკურ დევნად აფასებენ და ხელისუფლებას რეპრესიების დაწყებაში ადანაშაულებენ.

„თითქოს მან დააზიანა ბიძინა ივანიშვილის სათვალთვალო კამერა და ამით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ოლიგარქს. სინამდვილეში საზოგადოების უმეტესობას კარგად ესმის რომ ხელისუფლება აგონიაშია და გამოსავალს ხედავს პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებაში და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაში,“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ვარშალომიძე.

პარტია ”ემსახურე საქართველოს” დამფუძნებელი მურმან დუმბაძე ამბობს, რომ ისტორიული გამოცდილება აჩვენებს - როცა პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა იზრდება, ეს ხელისუფლების ჩიხში შესვლაზე მეტყველებს. 

"ეს ფაზა არის დასასრული. ეს გზა არის წერტილი და დასრულდება ბიძინა ივანიშვილი,"-ამბობს დუმბაძე. 

დღის ამბები