მასობრივი დაკავებები, ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპონენტების დევნა მოსკოვის ქუჩებში - პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს პოლიცია გვიან ღამემდე აკავებდა და სასტიკად უსწორდებოდა.
დაკავებულთა რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს - 1373 დაკავებული, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები და ჟურნალისტები. პოლიციამ აქციის დასაშლელად ძალა გამოიყენა. დაშავებულია 80-ზე მეტი ადამიანი, აქედან 10 ჟურნალისტია.
აქციების გაშუქების გამო რუსეთის ხელისუფლებამ იმ მედია საშუალებებს, რომლებიც პოლიციის ქმედებებს პირდაპირი ეთერით გადასცემდა სტუდიებში მიაკითხა. თავდასხმის პირველი ალექსეი ნავალნის სტუდია გახდა.
სამართალდამცველებმა წამყვანს პირდაპირი ეთერი შეაწყვეტინეს და სტუდიაში დააკავეს. შეიჭრნენ საეთეროში, ეთერი გათიშეს და შენობაში ჩხრეკა ჩაატარეს.
მოგვიანებით, პოლიცია დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში შევიდა. ტელეკომპანია „დოჟდი,“ რომელიც აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველების უხეშ ქმედებებს აშუქებდა იძულებული გახდა მოსკოვის ქუჩებიდან პირდაპირი ეთერი შეეწყვიტა.
საპროტესტო გამოსვლებმა კი რუსეთის დედაქალაქი სამი კვირის წინ მოიცვა. ხალხის პროტესტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც მოსკოვის საკრებულოში მოხვედრის მსურველი ოპოზიციის კანდიდატები არჩევნებზე არ დაუშვა.
აქციები ყოველ ჯერზე დაკავებებით სრულდება, რაც მოსახლეობის კიდევ უფრო დიდ პროტესტს იწვევს. ყოველ მომდევნო აქციაზე სულ უფრო მეტი ადამიანი იკრიბება და ვლადიმერ პუტინისა და მისი რეჟიმის მომხრეების გადადგომას ითხოვს.
საპროტესტო მუხტის ჩასახშობად რუსეთის ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერების დაკავება გუშინდელი აქციის დაწყებამდე დაიწყო. დაანონსებული აქციის ფონზე პროკურატურამ გაფრთხილება გაავრცელა და ოპოზიციის ლიდერები წინასწარ გააფრთხილა - რომ არ მოუწოდონ მოქალაქეებს არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკავებით დაემუქრა.