ივანიშვილმა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დიდი რეპრესიები დაიწყო - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე სწორედ პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან.
ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ სასამართლომაც ივანიშვილის დაკვეთა შეასრულა და მისთვის მიუღებელი პირები პოლიტიკურად გაანეიტრალეს.
„ეჭვგარეშეა, რომ ყველა ის ადამიანი,რომელიც დაკავებულია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მართლმსაჯულების მიერ არის პოლიტიკურად დევნილი ადამიანი, პოლიტპატიმარი. სასამართლო და კლანი, რომელიც მართავს სასამართლოს, დღეს ასრულებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სურვილს. რასაც ჩასძახებს ივანიშვილი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო,“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძის განცხადებით, ივანიშვილი ცდილობს, პოლიტიკური რეპრესიების გატარებით პოლიტიკური დაბრუნება მოაწყოს.
„ივანიშვილი ცდილობს, მისთვის კატასტროფული ზაფხულის მერე, გავრილოვის ღამის მერე, გარკვეული დაბრუნება გააკეთოს და ამას აკეთებს რეპრესიების გზით. სასამართლო, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოირგო მის მიერ არის გამოყენებული მისი პოლიტიკური მიზნებისთვის,“-ამბობს სერგი კაპანაძე.