19 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
ხორციელდება ზეწოლა ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელზე, რათა გასცენ ყალბი დასკვნა - გიორგი კაპანაძე, ხალვაშის ხელმოწერაზე საუბრობს

ზეწოლა ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელზე - presa.ge-ის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ბიუროს უფროსს გიორგი თვაურს, გიორგი გახარია ყალბი დასკვნის გაცემას აიძულებს. თავად შს მინისტრი კი ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოქმედებს. გიორგი კაპანაძის თქმით, მას აღნიშნული ინფორმაცია ბიუროს მოქმედმა თანამშრომელმა მიაწოდა.

„ექსპერტიზის ბიუროს მოქმედი თანამშრომლის ინფორმაციით, ხორციელდება ზეწოლა ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელ გიორგი თვაურზე. ეს ზეწოლა მომდინარეობს გიორგი გახარიასგან, რომელსაც თავის მხრივ დაავალა ბიძინა ივანიშვილმა, რომ განახორციელოს ზეწოლა ექსპერტიზის ბიუროზე, რათა გასცენ ყალბი დასკვნა და რათა გაწელონ რაც მთავარია ამ დასკვნის დაწერა იმიტომ, რომ  როგორც ჩანს, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა დადასტურდა. ამ ზეწოლის შესახებ გიორგი თვაურმა განუცხადა თავის მოადგილეებსაც და თანამშრომლებსაც და ის შიშობს, რომ თუ დაწერს ყალბ დასკვნას მოვა დრო და მას პასუხს მოსთხოვენ. მაგრამ თუ არ დაწერს ყალბს დასკვნას მაშინ ვერ აირიდებს იმ რეპრესიებს, რომლითაც ემუქრება ბატონი გახარია. თვაური იქამდე, ვიდრე დაინიშნებოდა ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელად მუშაობდა შსს-ში გენერალურ ინსპექციის მოადგილედ. მაშინ, როდესაც შს მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი და ამ თანამდებობაზე ის მოხვდა ღარიბაშვილის ნათესავის ბატონი ჯანყარაშვილის რეკომენდაციით,“-განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ირაკლი ოქრუაშვილმა ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში დოკუმენტის ექსპერტიზაზე ცოტა ხნის წინ წარადგინა. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, არის თუ არა დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა.

დოკუმენტში, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა ექსპერტიზაზე წარადგინა, ის და ქიბარ ხალვაში ხელმოწერით ადასტურებენ, რომ "რუსთავი 2" ნამდვილად ირაკლი ოქრუაშვილის საკუთრებაა, ხოლო ქიბარ ხალვაში მისი ნომინალური წარმომადგენელი.

რამდენიმე დღის წინ ქიბარ ხალვაშმა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საკუთარი ხელმოწერის ნიმუში ჩააბარა. ამის შემდეგ კი ბიუროს ხელმძღვანელზე ზეწოლა დაიწყო.
presa.ge-ის ინფორმაციით გიორგი გახარია, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უფროსს რამდენჯერმე ესაუბრა იმის შესახებ, თუ რა სახის დასკვნა უნდა მოამზადოს. გიორგი კაპანაძის თქმით, გახარიამ თვაურს დაავალა, რომ ჯერ დრო გაწელოს, შემდეგ კი ყალბი დასკვნა გასცეს. 

დღის ამბები