„იმ მტკიცებულებებით, რომელიც არის წარმოდგენილი, ჩანს, რომ აქ არის პოლიტიკური მოტივაციები,“ - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ოქრუაშვილის საქმის შეფასებისას გააკეთა.
ეკა გიგაური „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერებს შეხვდა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაკავების საქმესთან დაკავშირებით მათთან ერთად იმსჯელა.
ეკა გიგაური ამბობს, რომ ოქრუაშვილის დაკავება უფრო მეტად პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ვიდრე 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო. გიგაური ოქრუაშვილის დაკავებას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს, რადგან ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბოლო პერიოდში „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით გააქტიურდა.
„ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს და უფრო მეტად გამჭვირვალე იყოს ამ პროცესთან მიმართებაში, იმის გათვალისწინებით, რომ იქამდე, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ოქრუაშვილი საუბრობდა ასევე კონკრეტულ ინფორმაციაზე „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით და ეს შესაძლებელია, ყოფილიყო არასასიამოვნო მმართველი პარტიისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის და მეორე, ის, რომ ის არის პოლიტიკური პარტიის წევრი და როდესაც პოლიტიკოსებზე არის საუბარი, აქ უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო. პოლიტპატიმრებთან მიმართებაში ვიტყოდი იმას, რომ ჯერჯერობით, იმ მტკიცებულებებით, რომელიც არის წარმოდგენილი, ჩანს, რომ აქ არის პოლიტიკური მოტივაციები,“ - განაცხადა გიგაურმა.