ლევან ვასაძის განცხადებას, რომელიც კონკრეტული მედიასაშუალებების და ჟურნალისტების დასჯას ითხოვს, მედიაექსპერტები ეხმაურებიან. სპეციალისტები ვასაძის განცხადებებში სახიფათო გზავნილებს ხედავენ. "მედიის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს რადიკალური ჯგუფების გამოყენებით გაახმოვანოს მისი სურვილები.
„ცხადია, საშიში პროცესია. ხელისუფლებას არაერთხელ ჰქონია მცდელობა, რომ გადაეხედა არსებული ლიბერალური საკანონმდებლო გარემოსთვის და ახლა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობს აი ასეთი რადიკალური ჯგუფების, სიძულვილის ჯგუფების მეშვეობით და ეს არის ალბათ ყველაზე სახიფათო. ხშირად ეს ჯგუფები ახმოვანებენ იმ სურვილებს, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას აქვს. მათი ფეისბუქ გვერდები, მათი ტროლები თანხვედრაში არიან ერთმანეთთან და ახლა მთავარი პრობლემა არის კრიტიკული მოსაზრებების განეიტრალება და ამ მიზნით ალბათ ვასაძე იმას ამბობს რისი გაგონებაც მოქმედ ხელისუფლებას სურს,“-განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.
მასკომუნიკაციის დოქტორი ნინო დალია კი აცხადებს, რომ სწორედ ასეთ კრიტიკულ ვითარებაში ააქტიურებს ხელისუფლება მსგავს აგრესიულ ჯგუფებს, როგორიც ვასაძე და მისი დაჯგუფებაა. ნინო დანელიას თქმით ის რაც ახლა ხდება ძალიან საშიში პროცესია.
„სწორედ კრიტიკულ ვითარებაში ხელისუფლება ააქტიურებს სიძულვილის ჯგუფებს იმისათვის, რომ მოთარგმნოს ეს ამბავი, როგორც საზოგადოებრივი აზრის პოზიცია საქართველოში, რაც ძალიან საშიშია. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს იმის თუ როგორ იყენებს ხელისუფლება ამ ჯგუფებს იმისათვის, რომ შექმნას პრობლემები. შეუქმნას პრობლემები მედიას, რომელიც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია. ცალკეულ ჟურნალისტებს. მაგალითად გვახსოვს როგორ მიიყვანეს ეს ჯგუფები, თავისივე წარმომადგენლები ეკა კვესიტაძის სახლთან, როგორ მიუქსიეს ეს ჯგუფები მშვიდობიანი მოქალაქეების, ახლგაზრდების აქციას რუსთაველზე იმ მოტივით, რომ აქცია უნდა დაშლილიყო, თორემ ისინი ამ ჰომოფობიური ჯგუფებისგან ვერ დაიცავდნენ იქ შეკრებილებს. "რუსთავი 2"-თან ასევე მივიდნენ ეს ადამიანები. სინამდვილეში, ჩვენ ვიცით რომ ეს არის ხელისუფლების მოთხოვნა,“-განაცხადა ნინო დანელიამ.
ლევან ვასაძის განცხადებებში საფრთხეს ხედავს ზვიად ქორიძეც. ჟურნალისტის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი იმის, რომ ხელისუფლება ლევან ვასაძის მოწოდებებს გაიზიარებს.
„აქამდე ჩვენ იმ განცხადებებს, რომელსაც ვისმენდით პრეზიდენტისგან, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისგან, მთავრობის წარმომადგენლისგან, კათოლიკოს-პატრიარქისგან, ეს იყო განცხადებები, რომელიც მხოლოდ მოსაზრებების დონეზე მოსინჯვა საზოგადოების. დღეს საზოგადოების მოსინჯვის მექანიზმით არ სთავაზობს ლევან ვასაძე მთავრობას ამ განცხადებას, ის სთავაზობს რომ ეს გააკეთეთ იმიტომ, რომ ამაში არის გადარჩენა. ამაში არის გადარჩენა თქვენი ძალაუფლებისაც, ჩვენი ინტერესებისაც და ქვეყნის გადარჩენის გზასაც ამაში ხედავს ლევან ვასაძე. ხიფათი მდგომარეობს იმაში, რომ ინიციატორი უკვე აღარ არის მთავრობა. მთავრობა ახლა უკვე პროცესს ჩამოშორა და ეს ასე უყურებს გაიზიაროს ეს თუ არა. მე ვხედავ ხიფათს იმაში, რომ მთავრობა გაიზიარებს ამ ინიციატივას,“-განაცხადა ზვიად ქორიძემ.