19 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
„ის ზღაპრები, რასაც გვიყვებოდა ოქრუაშვილი, არანაირ კავშირში არ არის, „რუსთავი2“-ის საქმე დამთავრებულია და არანაირი გაგრძელება ამას არ აქვს“- ცქიტიშვილი 

„ის ზღაპრები, რასაც გვიყვებოდა ოქრუაშვილი, არანაირ კავშირში არ არის,  „რუსთავი2“-ის საქმე დამთავრებულია და არანაირი გაგრძელება ამას არ აქვს“- ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა გააკეთა.

ცქიტიშვილი ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელის მიხედვითაც, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.

საუბარია თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებებზე, სადაც მან თქვა, რომ წილები არა ქიბარ ხალვაშს არამედ მას ეკუთვნის და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები სამხარაულის ბიუროსაც წარუდგინა.

მმართველი გუნდის დეპუტატი კი ამბობს, რომ ოქრუაშვილის განცხადებები ზღაპარია და მას რეალობასთან კავშირი არ აქვს. დიმიტრი ცქიტიშვილი ვერც პოლიტიკური დევნის ნიშნებს ხედავს.

„ის ზღაპრები, რასაც გვიყვებოდა ოქრუაშვილი, არანაირ კავშირში არ არის. „რუსთავი2“-ის საქმე დამთავრებულია და არანაირი გაგრძელება ამას არ აქვს. არანაირი პოლიტიკური დევნა ჩემთვის არ არსებობს. ამ შემთხვევაში არის გარკვეული დანაშაულის ნიშნები, რომელიც დაადგინა პროკურატურამ. წარუდგინა ბრალი. მე ვერ გეტყვით დეტალებზე, მტკიცებულებები რამდენად მყარია. ეს არის სასამართლოს მსჯელობის საგანი,“-აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

ოქრუაშვილის საქმეში არსებული მოწმეების ვინაობა, რომელიც „კურიერმა“ გაასაჯაროვა, ოპოზიციისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერს სახელმწიფო მიზანმიმართულად ებრძვის.

არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წევრების თქმით, ბიძინა ივანიშვილს იმდენად სურს, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი პატიმრობაში დარჩეს, რომ მის წინააღმდეგ ყველა ინსტიტუციას იყენებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები