19 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
გზების მშენებლობაზე გაფლანგული მილიონობით ლარი აჭარის რეგიონში - "კურიერმა" აუდიტის აუდიტის დასკვნა მოიპოვა

გზების მშენებლობაზე გაფლანგული მილიონობით ლარი - „კურიერმა“ აუდიტის სამსახურის დასკვნა მოიპოვა, საიდანაც დგინდება, რომ აჭარის რეგიონში გზების მშენებლობიდან მილიონებია დაკარგული, ხოლო სამშენებლო სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ.

ამ დარღვევების შესახებ „კურიერმა“ ჯერ კიდევ თვეების წინ მოამზადა რეპორტაჟები, თუმცა მაშინ ხელისუფლება ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა. ახლა კი ხალხის ფულის გაფლანგვისა და არაჯეროვნად  ხარჯვის ფაქტები სახელმწიფო უწყებამაც დაადასტურა.

„ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შეუსაბამოდ, ამასთანავე მიღება-ჩაბარების აქტებით შერსულებაში ნაჩვენები მოცულობები არ შეესაბამება ფაქტობრივად განხორციელებულ სამუშაოებს და გამოვლენილია დანაკლისი, რითაც ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა და შესაძლოა, ფიქსირდებოდეს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, მხარეთა შორის არამართლზომიერი გარიგებით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა,“ - აღნიშნულია დასკვნაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ დეპარტამენტმა რიგ შემთხვევებში არათანაბარი კონკურენციის პირობებში, არაპროპორციული, დისკრიმინაციული მიდგომით შეარჩია პრეტენდენტები და გამარჯვებულად გამოავლინა ყველაზე მაღალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი.

„აღნიშნული ქმედება სახელმწიფო შესყიდვის პირობების კონკრეტულ პრეტენდენტზე მორიგებისა და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს შეიცავს,“ - აღნიშნულია დასკვნაში. 

არ არის გამორიცხული, საქმეს სისხლის სამართლებრივი მსვლელობა მიეცეს. ოპოზიციის აზრით, ამისი ყველა ნიშანი სახეზეა. აუდიტის დასკვნა გამოქვეყნებამდე ოპოზიციამ მოიპოვა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგანგებო ბრიფინგიც გამართა. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კორუფციაზე საუბრობენ.

„ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში არის ძალიან ღრმა კორუფცია. აქ საუბარია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტზე, რომელზეც წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ ჩიქოვანის ხელმძღვანელობით და რიჟვაძის, მთავრობის ხელმძღვანელობით, იპარავდნენ მილიონობით ლარს,“ - განაცხადა რევაზ ხაზარაძემ.

დღის ამბები