„არც ერთი ობიექტური მოწმე ამ საქმეში არ არის, ყველა მოწმე დაკითხულია ოქრუაშვილის დაკავების, ფაქტობრივად, წინა დღეს და ყველა მათგანი არის პირდაპირ დამოკიდებული გახარიაზე“, - ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, მურთაზ ზოდელავამ გააკეთა.
ზოდელავა 20 ივნისის შემდეგ დაწყებულ დაკავებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებები ბიძინა ივანიშვილის დავალებით დაიწყო.
მისივე თქმით, ოქრუაშვილის დაკავება მის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება, მათ შორის, "რუსთავი 2"-ის საქმეზე. ზოდელავას განცხადებით, ოქრუაშვილის დაკავების ბრძანება ივანიშვილმა მას შემდეგ გასცა, რაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა სამაუწყებლო კომპანიის წილებზე გამოთქვა პრეტენზია.
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ 20 ივნისის ობიექტურ გამოძიებაზე, აქ საუბარია რაზე, ხომ უნდა იქნეს გამოძიებული, ჩაიდინა თუ არა დანაშაული გახარიამ და ამას თუ ჩვენ ვეკითხებით მისივე დაქვემდებარებულებს, სავარაუდოდ, მისივე თანამონაწილეებს, რა თქმა უნდა, ისინი გახარიას არ ამხელენ, არამედ განტევების ვაცის ძიებას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს სახეზე პირდაპირი მითითება ივანიშვილის, მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ივანიშვილმა განკარგულება ოქრუაშვილის დაკავების შესახებ გასცა იმ დღესვე, როდესაც ოქრუაშვილმა ისაუბრა "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით და გაასაჯაროვა ის სკანდალური ინფორმაცია,“ - ამბობს ზოდელავა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებულია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით.