ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან ნიკოლოზ მარსაგიშვილთან გასაუბრება. საბჭოს მოსამართლე წევრები არამოსამართლე კოლეგის, ნაზი ჯანეზაშვილის შეკითხვებმა გააღიზიანა. ის ნიკოლოზ მარსაგიშვილის სანაცნობო წრით დაინტერესდა, მათშორის წარმოადგინა ფოტოები, სადაც კანდიდატი გადაღებული იყო ლევან მურუსიძესთან, ასევე საბჭოს წევრებთან. ნაზი ჯანეზაშვილმა იკითხა, ხომ არ უქმნიდა ეს ნაცნობობა უხერხულობას, რადგან შესაძლოა ის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფილიყო.
იუსტიციის საბჭოს წევრებმა კი ჯანეზაშვილი მოსამართლეებისადმი ზიზღში და არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულეს. მათივე შეფასებით, ჯანეზაშვილი სცდება გასაუბრების ფარგლებს.
„უაზრო და არაკვალიფიციური კითხვები ისმის აქ. სადამდე უნდა გისმინოთ და ვითმინოთ ეს ყველაფერი, ხომ ყველაფერს საზღვარი აქვს. აშკარად გამოხატავთ ზიზღს მოსამართლეთა კორპუსის მიმართ და ცირკს უწოდებთ. მოქმედი მოსამართლეები გამოდიან, რა არის აქ არაკვალიფიციური,“-განაცხადა იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა.
იუსტიციის საბჭოს წევრების თქმით, ნაზი ჯანეზაშვილი განცხადებებით, რომ მიმდინარე სხდომა ცირკს ჰგავს, საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას.
თავად კანდიდატმა კი განაცხადა, რომ მას სხდომის დაწყებამდე რომ სცოდნოდა ჯანეზაშვილის დამოკიდებულება ამ გასაუბრების პროცესისადმი და მოსამართლეებისადმი, იგი მის აცილებას მოითხოვდა.
„გასაუბრების პროცესში გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან გამოითქვა ის მოსაზრება, რომ კანდიდატები ძირითადად მასობრივ მონაწილეობას იღებენ და არ მოიაზრებენ თავის თავს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უარყოფითი დამოკიდებულება, წინასწარ გამოხატული აზრი. პირადად ჩემ მიმართ შეიძლება გვარით და სახელით არა, მაგრამ როგორც კანდიდატის მიმართ ზოგადად. ამდენად, შესაძლებელია, მე, რომ მცოდნოდა ეს ინფორმაცია დამეყენებინა ამ საფუძვლით აცილების შესახებ შუამდგომლობა,“-განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.
ნაზი ჯანეზაშვილი კი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი ფორმალურია. მისივე თქმით, კანდიდატებს სურვილს, მისი აცილების შესახებ, სამოსამართლეო კლანი აუცილებლად დაუკმაყოფილებს.
„ფორმალურია ეს პროცესი და ბოლომდე დავრჩები ამ აზრზე. თუ მიაჩნია რომელიმე კანდიდატს რომ ეს აცილების საფუძველია , დააყენონ ეს საკითხი . ისინი დარწმუნებული ვარ მხარდაჭერას მოიპოვებენ, იმიტომ რომ იუსტიციის საბჭოში წარმოდგენილია კლანი. სხვათა შორის ამ კანდიდატმა პირდაპირ თქვა, რომ იგი მუშაობდა მიხეილ ჩინჩალაძესთან პროკურატურაში. იგი მუშაობდა ვასილ მშვენიერაძესთან პროკურატურაში. იგი მუშაობდა სერგო მეთოფიშვილთან პროკურატურაში და ისინი მოდიან ერთად,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.