რუსეთთან დიალოგის აუცილებლობისა და სერგეი გავრილოვის ვიზიტის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, გიორგი ლომიას განცხადებას ოპოზიცია გამოეხმაურა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ წინასწარვე აფრთხილებდნენ, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვება დაუშვებელი იყო.
ხელისუფლების ოპონენტები ლომიას მიერ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურნენ, რომელმაც აღნიშნა, რომ მას სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მფლობელების შემდეგ თუ სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება, ეს იქნება „ქართული ოცნების“ მიერ რუსეთის დავალების შესრულება.
„ჩვენ რამდენიმე დღით ადრე ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ გავრილოვი, ზოგადად ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ. ამის ნაცვლად მოხდა ის, რაც მოხდა. ამას მოჰყვა საზოგადოების სამართლიანი პროტესტი, დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოჰყვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩამოშლა საბოლოოდ იმიტომ, რომ ის, რაც აქამდე იყო დამალული, რომ "ქართული ოცნება“ რეალურად რუსეთის დღის წესრიგს ასრულებს ჩვენს ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ გავრილოვის ვიზიტის დროს გახდა ძალიან აშკარა ყველა ჩვენი თანამოქალაქისთვის,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიცია ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართული ოცნების“ ნაწილია და ახლა ნათლად ჩანს, რომ მმართველი გუნდი რუსეთთან თავის მართლების რეჟიმშია გადასული.
„ქართული ოცნება“ ახლა თავს იმართლებს იმიტომ, რომ არ მოელოდა არც „ქართული ოცნება“ და არც რუსეთი, რომ ჩვენი საზოგადოება ირეაგირებდა და ასე გადაჭრით ეტყოდა არას არა უბრალოდ კომუნისტი ოკუპანტის აქ ჯდომას, არამედ ეტყოდა არას ბიძინა ივანიშვილის კურსს რუსეთთან მიმართებაში, ამ ღია კარის პოლიტიკას რუსეთის გავლენასთან მიმართებაში, ამას უთხრას ქართულმა საზოგადოებამ გადაჭრით არა და ამის გამო, „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსიც“ „ქართული ოცნების“ ნაწილია, თავს იმართლებს მოსკოვში,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა.
პოლიტიკოსები ასევე გრიგორი კარასინის სავარაუდოდ, საქართველოში პერსონა ნონ გრატად ივან ვოლინკინით ჩანაცვლების საკითხსაც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ვინაიდან ვოლინკინი პერსონა ნონგრატად არის გამოცხადებული, მის საერთაშორისო ფორმატებში მონაწილეობას, ქართულმა სახელმწიფომ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს.