19 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
პაატა სალია „რუსთავი 2-ის“ მფლობელსა და დამფუძნებლებს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

„რუსთავი 2-ის“ მფლობელსა და დამფუძნებლებს შორის გამართულ შეხვედრაზე სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ისაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სალიამ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შეთანხმებას დღეს ვერ მიაღწიეს.

სალია ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშმა წილის 40 პროცენტი შეთავაზა, თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მხარეები, ამ დროისთვის უცნობია.

„თქვა ქიბარ ხალვაშმა, რაც იყო შეთავაზება, იყო 40 პროცენტი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის". მოემატება, დააკლდება თუ რა მოხდება, ამაზე საუბარი არ არის. ადამიანებმა მოისმინეს შეთავაზება და, შესაბამისად, პასუხს გაგვაგებინებენ,“ - ამბობს სალია.

პაატა სალია ასევე, ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი შესაძლოა, ჟურნალისტი, დავით ნიკურაძე გახდეს.

„არ ვიცი, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციებს. ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები კომპანიაში ყოველდღიურად, მათ შორის, გუშინ შევხვდი დავით ნიკურაძეს, ვისაუბრეთ მის სამომავლო გეგმებზე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ის გააგრძელებს თავის საქმეს ვაშინგტონში, შესაბამისად, იმაზე, რომ რაიმე ცვლილება განხორციელებულიყო ამ კუთხით, საუბარი ნამდვილად არ ყოფილა,“ - ამბობს სალია.

რაც შეეხება, შეხვედრის დროს ასახულ კადრებს, სადაც ქიბარ ხალვაში ხელს აწერს დოკუმენტებს, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2-ის“ მფლობელმა სამაუწყებლო კომპანიის ანგარიშზე თანხა გადარიცხა.

ამავე თემაზე
დღის ამბები