19 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
16 წლის მოზარდი კომაშია - ოჯახი ამბობს, რომ რაჭას კატასტროფის ბრიგადა არ ჰყავს

რაჭას კატასტროფის ბრიგადა არ ჰყავს. ამის შესახებ 16 წლის ლუკა ფოფხაძის ოჯახის წევრები საუბრობენ. მოზარდის სიცოცხლის გადასარჩენად ქუთაისის საავადმყოფოს ექიმები მე-12 დღეა, იბრძვიან. ის ამ დრომდე კომაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ოჯახის წევრები ყვებიან, რომ მოზარდი რაჭაში დასასვენებლად იმყოფებოდა, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, ვირუსის გამო დამძიმდა. პაციენტის თბილისში გადმოყვანა გადაწყვიტეს, თუმცა რეანომობილი გზაში გაფუჭდა.

ოჯახის თქმით, გაითიშა ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რომელზეც 16 წლის მოზარდი იყო შეერთებული. უჟანგბადოდ პაციენტი 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რის გამოც ტვინი გაეთიშა და თბილისამდე ვერ ჩაიყვანეს.

პაციენტის მამიდა ყვება, რომ რაჭას კატასტროფის ბრიგადა არ ჰყავს, ამიტომ რეანომობილი ლენტეხიდან გამოიძახეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ გაარკვევენ და დამნაშავეები პასუხს აგებენ. მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ ბავშვის ჯანმრთელობა გაუმართავი სამედიცინო აღჭურვილობის გამო დამძიმდა, თუმცა ირწმუნება, რომ საქართველოს რეგიონებში რეანომობილები საკმარისი რაოდენობით არის.

მოქალაქეებმა 16 წლის პაციენტის შემთხვევის შემდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. პეტიციიდან ირკვევა, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მცხოვრებლების ჯანმრთელობას საფრთხე არაერთხელ დამუქრებია სწორედ იმის გამო, რომ რეგიონს გამართული რეანომობილი არ ჰყავს.

როგორც ირკვევა, რეანომობილის პრობლემა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში არ არის. „კურიერის“ არქივში ინახება რამდენიმე კვირის წინ ყვარელში მომზადებული რეპორტაჟი, რომლის მიხედვითაც, გულის შეტევას 56 წლის მამაკაცი მხოლოდ იმიტომ შეეწირა, რომ რეანომობილმა 6 საათით დაიგვიანა.

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი

დღის ამბები