19 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
აღარ ეწოდოს რუსეთს ოკუპანტი - "პატრიოტთა ალიანსი" მოსკოვიდან კონკრეტული გზავნილებით დაბრუნდა

რუსეთთან ურთიერთობის რიტორიკა უნდა შეიცვალოს და მტერს ოკუპანტი აღარ უნდა ვუწოდეთ - გავრილობის ღამის შემდეგ მოსკოვში მოლაპარაკებებიდან დაბრუნებულმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა ეს გზავნილი ჩამოიტანეს. შეცვლილია თავად გიორგი ლომიას რიტორიკა. ის ამჯერად უფრო ღიად და თამამად ამბობს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან უფრო თბილი და ახლო ურთიერთობებია აუცილებელი. ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვის გამო პასუხიმგებლობას მმართველ გუნდსა და ოპოზიციას ერთნაირად აკისრებს.

ოპოზიციის შეფასებით, გიორგი ლომიას გავრილოვის ვიზიტის შემდეგ მოქალაქეების მიერ გამოხარული პროტესტის გამო მოსკოვში უსაყვედურეს და ამიტომ, თბილისში ჩამოსვლისას თავდასხმაზე გადავიდა. ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის ხელმძღვანელს გავრილოვის ჩამოსვლამდე გაკეთებულ გაფრთხილებებს ახსენებს და ამბობს, რომ პრორუსული რიტორიკა ქვეყნაში ფეხს ვერ მოიკიდებს.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შეხვედრებიდან დაბრუნებული "პატრიოტების" ლიდერი ღიად ამბობს, რომ არამხოლოდ "რუსთავი 2-ის" მფლობელების, არამედ არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაც მალე უნდა მოხდეს.

ლომიას განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "რუსთავი 2-ის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლით ყველაზე მეტად მოსკოვი იყო დაინტერესებული, რადგან რუსეთს ყველაზე მეტად არ აწყობს ძლიერი პროდასავლური პლატფორმა საქართველოში. 

"პატრიოტთა ალიანსის" დელეგაციის წევრები არ ადასტურებენ შეხვედრას ივან ვოლინკინთან, რომელსაც რუსული მედიის ცნობით, სულ მალე გრიგორი კარასინის პოზიციას გადააბარებენ. ივან ვოლინკინი 2007 წლის ნოემბრამდე საქართველოში რუსეთის ელჩი იყო, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობაში დაადანაშაულეს და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. ოფიციალურ თბილისს ჯერ არ აქვს პასუხი, დაეთანხმება თუ არა იმას, რომ ვოლინკინმა პრაღის დიალოგსა და ჟენევის ფორმატში კარასინი ჩაანაცვლოს.

რუსული მედიის ინფორმაციით, გრიგორი კარასინი რუსეთის ფედერაციის საბჭოში სახალინის წარმომადგენელი გახდება და ზედა პალატაში საგარეო მიმართულებას გააძლიერებს. 

დღის ამბები