19 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
გაუფასურების ახალი ნიშნული 3.0 - პრემიერი განმარტებას აკეთებს

ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით პრემიერმა დღის ბოლომდე განცხადება არ გააკეთა. ჟურნალისტებს დაცვის წევრები და პროტოკოლის სამსახური მამუკა ბახტაძესთან მიახლოების უფლებას არ აძლევდნენ.

თუმცა, დღის ბოლოს მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ლარის გაუფასურების შესაჩერებლად, რა გეგმა აქვს მთავრობას, პრემიერმა არ დააკონკრეტა.

მამუკა ბახტაძე განმარტავს, რომ ტურიზმთან დაკავშირებით ხელისუფლების მოლოდინები არ გამართლდა. ბახტაძის თქმით, ლარის გაუფასურება ფუნდამენტურ ფაქტორებს უკავშირდება, თუმცა არ დააზუსტა, რას გულისხმობს.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს და ინტერვენციას, მამუკა ბახტაძემ მიანიშნა, რომ გარკვეული ჩარევები ეროვნულ ბანკს დასჭირდება.

„დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ეროვნულმა ბანკმაც. ჩვენ გვაქვს შემდეგი მოცემულობა, რომ ბუნებრივია, ჩვენ ველოდებოდით მეტ შემოსავლებს ტურიზმიდან, მაისის და ივნისის ციფრები იყო ყველაზე პოზიტიური, ყველაზე საუკეთესო საქართველოს ისტორიაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეკონომიკაში იყო მოლოდინი, რომ მეტი შემოსავლის მობილიზება მოხდებოდა ტურიზმის სექტორიდან. სამწუხაროდ, იმ მოვლენების გამო, რაც მოხდა, ეს ასე არ არის, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი ფაქტორი, ამავე დროს, მნიშვნელოვანია იმასაც ხაზი გავუსვათ, რომ ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული, ეს არის დასკვნა ექსპერტების. ეროვნულმა ბანკმა გააკეთა ამის შესახებ განცხადება, ბუნებრივია, ის არის დამოუკიდებელი ორგანო და მას აქვს თავისი მოსაზრება და მოსაზრება არის ძალიან ობიექტური, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა აკონტროლოს ინფლაციის ნიშნული და აუცილებლად უნდა ჩაერიოს იმ შემთხვევაში, როდესაც პარამეტრები შეიცვლება. მე მაქვს ეს მოლოდინი და ეროვნულმა ბანკმა ეს დაადასტურა,“ - განაცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები