“ლარი ასახავს იმ მდგომარეობას, რაც არის ქვეყნის ეკონომიკაში“ - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარემ გააკეთა. გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ ლარის რეკორდულად გაუფასურებაზე პასუხისმგებელი ქვეყნის მთავრობაა და ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ მთავრობის წევრების განცხადებები, რომლითაც ისინი ეროვნული ვალუტის რეკორდულად გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირებენ, სასაცილო და არასერიოზულია.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.
„ლარზე ბევრი ფაქტორი შეიძლება მოქმედებდეს, თუმცა ტურიზმი შეიძლება გამოვყოთ და განსაკუთრებით კი მოლოდინები. რაც შეეხება მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებს, ხშირად უფრო სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს მათი შედარებები. მით უმეტეს, არასერიოზულია საპროტესტო აქციებზე ამ ყველაფერის გადაბრალება. ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა იმაზე, ქვეყანაში რაც კარგი და ცუდი ხდება, ეკისრება ხელისუფლებას, ამიტომ ხელისუფლებამ გადაბრალების ნაცვლად, ჯობს რომ აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ამისთვის კი საჭიროა კოორდინირებული მოქმედება ეროვნულ ბანკთან ერთად,“ - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
ბლუმბერგის სისტემაში ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა. დღეს დილიდან ლარის კურსი საერთაშორისო სავაჭრო ბირჟებზე სწრაფი ტემპით ეცემა, რაც დღის ბოლოს უკვე საქართველოშიც აისახება. კურსი, რომელიც დღეს დილით ბლუმბერგის ტერმინალზე დაფიქსირდა რეკორდულია.
კომერციულ ბანკებში ერთო დოლარის ღირებულება 3 ლარს შეადგენს. უკვე მეორე დღეა, ამ ნიშნულით ივაჭრება დოლარი ლართან მიმართებაში. სავალუტო ჯიხურებში, ერთი დოლარის ღირებულება შედარებით ნაკლებია.