150 ათასი ლარი ტაქსების ხელახალი რეგისტრაციისათვის - დედაქალაქის ბიუჯეტიდან თანხა უკვე გამოყოფილია. საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.
ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ იხდის თბილისის მერია ქვეყნის ბიუჯეტიდან ტაქსის მძღოლების სხვადასხვა კატეგორიაში დასარეგისტრირებლად ამ ოდენობის თანხას.
ამასთან, საკრებულოს ოპოზიციის შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტაციით მტკიცდება, რომ ტაქსის მძღოლს სხვადასხვა კატეგორიაში დარეგისტრირებისათვის არა 110 ლარი არამედ, მხოლოდ 5 ლარი სჭირდება.
„საკრებულოს სხდომაზეც, დედაქალაქის მთავრობის მხრიდანაც ველოდებით პასუხს, გაგვარკვიონ 150 ათას ლარს რომ ბიუჯეტიდან ვიხდით, რატომ ვიხდით ამას ბიუჯეტიდან. თუ ისინი ამბობენ, რომ ტაქსის მძღოლები გადაიხდიან ამას, მაშინ 5 ლარიან სერვისში, ტაქსის მძღოლებს 110 ლარს რატომ ახდევინებენ. ორივე შემთხვევაში გამოდის, რომ მერი და დედაქალაქის მთავრობა არის ყაჩაღი და ხარკს უწესებს ან თბილისის მოქალაქეებს ან ამ შემთხვევაში მის მოქალაქე ტაქსისტებს,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.