თბილისის მერის უკანასკნელი გაფრთხილება და წითელი ბარათი კომპანია "ჯეო გრუპს" - კახა კალაძე იმ კომპანიას აკრიტიკებს, რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები შარშან კახეთის გზატკეცილის ნაწილზე ჩაატარა.
თბილისის მერი ამბობს, რომ სამუშაოები, რომელშიც თბილისის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხარვეზებითაა შესრულებული. მისი თქმით, კომპანიების, "ჯეო გრუპისა" და "ბლექ სი გრუპის" ხელმძღვანელობას ხარვეზების საკუთარი ხარჯებით გამოსწორება მოუწევს.
"ეს არის სრული უპასუხისმგებლობა, რაც დღეს ხდება ამ მონაკვეთებზე, მარჯვენა, მარცხენა სათადარიგოებზე. ჭის თავების ირგვლივ სრული კატასტროფაა. თუ იმ კომპანიებს ჰგონიათ, რომ მერია ამ სამუშაოებზე თავიდან გაიღებს ფულს, ძალიან ცდებიან.
დღესვე დაიბარეთ ეს კომპანიები. იმ კომპანიებს მოუწევთ ხარჯის გაღება და ამის მოწესრიგება. დედაქალაქის მერია ერთ თეთრს არ დახარჯავს ამის რეაბილიტაციაზე და მოწესრიგებაზე," - განაცხადა კალაძემ.