ინფრასტრუქტურის მინისტრი ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, განმარტებებს აკეთებს. მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობის არის და სწორედ ის ეძებდა ინვესტორს, რომელიც უზრუნველყოფდა პორტის ფუნქციონირებას და განვითარებას.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის მხრიდან, ფაქტები ხშირად სხვადასხვაგვარად არის წარმოჩენილი. ცქიტიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის არსებობს ხელშეკრულება, რომელსაც ვალდებულებები გააჩნია, თუმცა ინვესტორის მხრიდან ვალდებულებები არ სრულდება.
„ჩვენ ის ფაქტები წარვუდგინეთ საზოგადოებას, რომლის ცოტა სხვაგვარად წარმოდგენას ხშირ შემთხვევაში ცდილობს კონსორციუმი, სამწუხაროდ. მეორე თემაა, რომ tbc ბანკი არ არის ამ შემთხვევაში ამ პროექტის დამფუძნებელი, არც ამ პროექტის მონაწილე. იცით, რომ ეს არის ქართულ-ამერიკული და კიდევ ორი სხვა კომპანია, ამ კომპანიების კონსორციუმი, რომელშიც ბატონი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან ერთ-ერთი ქართული ორგანიზაციის დამფუძნებლები. ამდენად, ანაკლიის პროექტი და tbc არის ორი დამოუკიდებელი პროექტი, რომელიც დამოუკიდებლად უნდა განვიხილოთ. არაერთხელ გვაქვს ნათქვამი, რომ სახელმწიფოსთვის, ეს პროექტი არის არა მხოლოდ პრიორიტეტული, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალის გამოყენებას. სწორედ ამის გამო არის ის, რომ სწორედ სახელმწიფომ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა და სახელმწიფო ეძებდა ინვესტორს, რომელიც შეძლებდა მთლიანად მოეპოვებინა ჯერ პირველი ფაზისთვის და შემდგომ უკვე ყველა დანარჩენი შემდგომი ფაზებისთვის დაფინანსება, თავადვე ააშენებდა ამ პორტს და უზრუნველყოფდა 50 წლის განმავლობაში ამ პორტის ფუნქციონირებას და განვითარებას. ამ ნაწილში, ჩვენსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის, რომელიც არის ამ ტენდერის გამარჯვებული, არსებობს ხელშეკრულება, რომელსაც აქვს თავისი ვალდებულებები და ინვესტორის ვალდებულებები სამწუხაროდ არ სრულდება და ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ 2017 წლიდან, როდესაც 2017 წლის აგვისტოში უნდა ყოფილიყო მოზიდული დაფინანსება და შესაბამისად, 2017 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო პორტის მშენებლობა“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტს სახელმწიფოს უპრეცედენტო მხარდაჭერა გააჩნია. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან, დაახლოებით, 250 მილიონი დოლარის საერთო ინვესტიცია იდება პროექტში.
„სწორედ ეს იყო ჩვენი არა დაბრალება, არამედ მოწოდება კონსორციუმის მიმართ, რომ ნაცვლად იმისა, რომ გააგრძელონ საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვასწავლონ ამ პროექტის მნიშვნელობა, ამის ნაცვლად, კონსორციუმს და მის დამფუძნებლებს, ყველას, მის უცხოელ დამფუძნებლებსაც, მის ქართველ დამფუძნებლებსაც, სახელმწიფო მოვუწოდებთ, რომ გააერთიანონ ძალისხმევა და და ნაცვლად ამ პოლიტიკურ პროცესში ჩართულობისა, პროექტს რაც სჭირდება, ის განახორციელონ“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.