სააპელაციო სასამართლომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის საჩივრის განხილვაზე უარი თქვა. რაც ნიშნავს, რომ მინიმუმ მომდევნო ორი და მაქსიმუმ ცხრა თვე, სასამართლო პროცესების დასრულებამდე, ოქრუაშვილი მატროსოვის ციხეში დარჩება. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერები დარწმუნებულები არინ, რომ მეორე ინსტანციის სასამართლომაც, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.
„რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას ბიძინა ივანიშვილის შიშს და პირად შურისძიებას უკავშირებს. დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკური კარტების გახსნით, ოქრუაშვილმა ივანიშვილი დიდი დარტყმის წინაშე დააყენა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის მიერ, საჯაროდ გათქმული კონსპირაციული მოლაპარაკების დეტალები, „ქართული ოცნების“ ლიდერს პრობლემებს უცხოეთშიც უქმნიდა.
ოქრუაშვილმა დაკავების წინ თქვა, რომ ივანიშვილი მას სააკაშვილის წინააღდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდა. დავით ბერძენიშვილის აზრით, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცრუ ჩვენებებით გაასამართლა, რაც ივანიშვილს დასავლეთში სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
ბოლო შვიდი წელია, ივანიშვილი ცდილობს დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ სააკაშვილის კრიმინალია და მისი ადგილი არა პოლიტიკურ ასპარეზზე, არამედ ციხეშია. ოქრუაშვილის საჯარო განცხადებები, დავით ბერძენიშვილის აზრით, ივანიშვილის ამ მესიჯ ბოქსს თავდაყირა აყენებს. რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის სიტყვებს ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები მისივე წინააღმდეგ გამოიყენებენ. ყოფილი თანაგუნდელის ეს სკანდალური ინტერვიუ მოულოდნელი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის ლიდერისთვის. გიორგი ვოლსკიმ დავით ბერძენიშვილს ლოგიკა დაუწუნა.
ყველა, ვინც ოქრუაშვილის საქმეს გაეცნო ერთადერთ დასკვნამდე მივიდა. ციხეში ჩასმით „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი პოლიტიკურად გაანეიტრალეს.
ირაკლი ოქრუაშვილის გუნდი ახალ სამოქმედო გეგმას ამზადებს, ხვალ 12:00 საათზე გახდება ცნობილი, როგორ აპირებს ბრძოლის გაგრძელება პარტია, რომელის ლიდერის მატროსოვის ციხეში ზის.
ავტორი: თეა ვაშალომიძე