20 ივნისის აქცია და სისხლიანი დარბევა - შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკითხვების ახალ სერიას იწყებს. გავრილოვის ღამიდან 42-ე დღეს საგამოძიებო უწყებაში ათობით ადამიანს იბარებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეების დაკავებას სავარაუდოდ, ისევ განაგრძობს. მანამდე კი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ გამოკითხვაზე დაბარებული მოქალაქეები კონსულტაციებს უფლებადამცველებთან გადიან.
„საერთოდ არ გამიკვირდება, რომ ეს დაბარებული პირები დაკითხვების შემდეგ დააკავონ. აქ არ არის ერთ და ორ პირზე საუბარი. სატელეფონო საუბრების დროსაც, როდესაც ადამიანები თავიანთ უფლებებზე ესაუბრებიან გამომძიებლებს, იგივე სასამართლოში დაკითხვაზე, იგივე დროის შეთანხმებაზე, იქედან მოდის საოცარი აგრესია. ვიდრე შს სამინისტროში მივლენ ეს ადამიანები, მანამდე უკვე პოლიციის გამომძიებლები ცდილობენ, რომ მათივე ჟარგონს ვიხმარ, დააჩმორონ ეს ადამიანები. ვიდრე ჩვენ მასობრივ, ორგანიზებულ, ძლიერ პროტესტს არ დავუპირისპირებთ გახარიას და მის დამქაშებს, მანამ ჩვენ მოგვიწევს ამ რეპრესიებში ცხოვრება,“-აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.
სისხლიანი ღამის შემდეგ აქციის მონაწილეებს ძალოვანი სტრუქტურების მიმართ სრული უნდობლობა აქვთ და რეპრესიებზე საუბრობენ.
"მე ვიცავდი, ჩემს მოქალაქეობრივ ვალს და პოზიციას, რომ გავრილოვი იქ არ უნდა დამჯდარიყო და საერთოდ არ უნდა შესულიყო. ვერ წარმომედგინა, რომ იქ ვინმე იქ ვინმე ისროდა საერთოდ. იმიტომ, რომ რეალურად ჩვენი პოლიცია იყო იქ და ის ჭიდაობის კადრები რაც გვაქვს ნანახი, სასროლი იქ არაფერი არ იყო. არ ვენდობი, სრული უნდობლობა მაქვს პროკურატურის მიმართ, პოლიციის მიმართ, პოლიციის მიმართ და არაფერი არ ჰქვია ამას, თუ არა რეპრესიები,“-ამბობს მხატვარი, გრაფიკოსი გიორგი ბოტკოველი.