დაკავებების ახალი სერია - ამჯერად ხელისუფლების სამიზნე ბიზნესია. „კურიერის“ ინფორმაცით, დაკავებულია ბენზინგასამართი სადგურების ქსელის „ფრეგოს“ მფლობელი.
ბიზნესმენი გიორგი თოფჩიშვილი უკვე გლდანის ციხეშია გადაყვანილი. მისი გარემოცვა კურიერს კონფიდენციალურობის დაცვას სთხოვს და რამდენიმე დეტალს უყვება. გზავნილში, რომელიც ბიზნესმენ თოფჩიშვილის ახლობლებმა „კურიერს“ გამოუგზავნეს ვკითხულოთ - „ციხეში ამოლპობით ემუქრებიან“.
გიორგი თოფჩიშვილი და ვლადიმერ ყველაშვილი უკვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. საქალაქო სასამართლომ ორი დღის წინ მათ პატიმრობა შეუფარდა. მათ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მომზადებას ედავებიან.
„კურიერის“ გადამღები ჯგუფი „ფრეგოს“ ოფისში იმყოფებოდა. ოფისის წარმომადგენლების თქმით, თოფჩიშვილსა და ყველაშვილს არ იცნობენ. რეესტრის მონაცემებით კი, „ფრეგო „ჯგუფის“ დამფუძნებელი ნამდვილად თოფჩიშვილია, ხოლო „შპს ფრეგოს“ 100%-იანი წილების მფლობელი კი მისი მეუღლე ნინო გიორგობიანია. კომპანიის წილები ამ დროისთვის დაყადაღებულია.