19 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
„გვაქვს ყველანაირი მოლოდინი, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს" - პრემიერი 

„გვაქვს ყველანაირი მოლოდინი რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს,“-აცხადებს საქართველოს პრემიერი. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ პოზიტიურ მოლოდინს მთავრობას ეკონომიკაში არსებული პროცესები უჩენს.

პრემიერი ამბობს, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება, რადგან ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღი და დინამიკურია.

„ლარი უკვე ორი დღეა გამყარების ტენდენციას გვიჩვენებს. პრინციპში ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ნებისმიერი ანალიზი ამას მკაფიოდ აჩვენებდა, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები იყო ჯანსაღი, ეს დაადასტურა საქსტატის მონაცემებმაც. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს,რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები არის მყარი, ჯანსაღი და ლარი იყო ზედმეტად გაუფასურებულია. ამას ხელი შეუწყო ნეგატიურმა ფონმა და ამ ფონით გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა.ეკონომიკის განვითარების ძირითადი პარამეტრები არის პოზიტიური და გვიჩვენებს მყარ დინამიკას“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი ლარის გაუფასურებას სხვადასხვა ფაქტებს მათ შორის ტურიზმის შემცირებას უკავშირებს. მისი თქმით, ტურიზმის სექტორში ქვეყანას მაღალი ზრდის ტემპი ჰქონდა, თუმცა, „ცნობილმა მოვლენებმა“ ამ მიმართულებით პრობლემები შექმნა.

„იმ გამოწვევების ფონზე,რომელიც დადგა, იგივე ტემპის გაგრძელება გაგვიჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ იმ ღონისძიებებით,რომელიც დავგეგმეთ დავაბრუნებთ ასეთ მზარდ დინამიკას ტურიზმის სექტორში,“-აცხადებს პრემიერი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვლავ საუბრობს 20 ივნისის მოვლენების გავლენაზე და ამბობს, რომ განვითარებულმა მოვლენებმა ქართულ ეკონომიკაზე გავლენა მოახდინა. მათ შორის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რუსი ტურისტების შემოსვლის აკრძალვას ასახელებს. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 40 მილიონის დოლარი გაყიდა. ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარს აღემატებოდა გუშინ კი ლარის ნიშნულმა ოდნავ აიწია და 1 დოლარის შეძენა 2.92 თეთრად იყოს შესაძლებელია. 

 

დღის ამბები