19 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
სარედაქციო პოლიტიკასაც შეეხება, ცხადია ეს ცვლილება - ნატა ძველიშვილი "რუსთავი2"-ის იურისტის გათავისუფლებაზე 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია "რუსთავი2"-ის მთავარი იურისტის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად აფასებს.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი დარწმუნებულია, რომ თამთა მურადაშვილის სამსახურიდან გაშვება ხელისუფლების მიერ წინდაწინ დაგეგმილი სცენარის ნაწილია. ნატა ძველიშვილი ფიქრობს, რომ ტელევიზიის გენერალური დირექტორის პოსტზე პაატა სალიას დანიშვნაც სწორედ ამ გეგმის განხორციელებას ემსახურება.

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მიზანს  მიაღწევს და  "რუსთავი 2" პროსამთავრობო ტელევიზიად იქცევა, ქვეყანაში დემოკრატიის მაჩვენებელი საგრძნობლად დაიწევს.

„მე მგონი, რომ ყველაფერი ლოგიკურად ვითარდება, თამთას გაშვებას მე ველოდი, დიტომ გაასწრო უბრალოდ, თორემ მასაც გაუშვებდნენ დარწმუნებული ვარ და ეს ცვლილებები განვითარდება ისე, როგორც ჩვენ ვლაპარაკობდით. სარედაქციო პოლიტიკასაც შეეხება, ცხადია ეს ცვლილება. სწორედ ამისთვის მოვიდა პაატა სალია, თორემ დატოვებდნენ ნიკა გვარამიას მაშინ და უკვე ახალი სეზონიდან ჩვენ ვნახავთ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ცვლილებას. კრიტიკული მედია საშუალებების არსებობა ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იმისა, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დემოკრატიის თვალსაზრისით ქვეყანაში. ამიტომაც თუკი "რუსთავი2" გახდება პროსამთავრობო ტელევიზია,  ცხადია, რომ ძალიან მნიშვნელოვნად ჩამოვა დემოკრატიის მაჩვენებელი ქვეყანაში,“- განაცხადა ძველიშვილმა.

"რუსთავი2"-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას ეხმაურება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც". საიას ხელმძღვანელი, სულხან სალაძე ეჭვობს, რომ ეს შესაძლოა იმ გრძელვადიანი პროცესის დასაწყისი იყოს, რასაც არხის სარედაქციო პოლიტიკა შეეწირება.

„რუსთავი 2"-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხის მთავარი იურისტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. თამთა მურადაშვილის თქმით, კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით შვებულებაში ყოფნის დროს მიიღო.

სამაუწყებლო კომპანიის დირექტორი იურისტის გაშვების მიზეზად ხელშეკრულების პირობების დარღვევას ასახელებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები