19 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
რუსეთმა უნდა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია - ევროპელი ლიდერები აგვისტოს ომის 11 წლის თავს ეხმაურებიან 

11 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - განვითარებულ მოვლენებს დასავლელი პოლიტიკოსები იხსენებენ. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა. ედგარ რინკევიჩი წერს, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 11 წლისთავზე, ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

"რუსეთმა უნდა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია და ჯარი გაიყვანოს"- წერს რინკევიჩი.

მინისტრის შემდეგ ოფიციალური განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გამოაქვეყნა, სადაც რუსეთ საქართველოს ომი რუსულ აგრესიად არის მოხსენებული.

"როდესაც ვიხსენებთ 2008 წელს საქართველოში რუსული აგრესიას, უნდა აღინიშნოს, რომ ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში,"-ნათქვამია განცხადებაში. 

11- წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი აგრესიიდან, რუსეთი კი დღემდე განაგრძობს ანექსიას და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას - წერს ტვიტერში ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი. ლინას ლინკევიჩუსი აღნიშნავს, რომ მსოფლიომ 2008 წლის შემდეგ მსოფლიომ გაკვეთილი ვერ ისწავლა, შედეგად მივიღეთ ყირიმი და დონბასი.

რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს ტვიტერის ქსელში ეხმაურება ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრი ჯონათან ჯანოგლიც. ბრიტანელი დეპუტატი 11 წლის წინანდელ მოვლენებს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას უწოდებს.

"მოდით ვაჩვენოთ, რომ გრძელდება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა."- წერს ჯანოგლი.

ამავე თემაზე
დღის ამბები