რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის შეფასებით, აგვისტოს ომის მე-11 წლისთავის წინ რუსეთის პრეზიდენტის ასეთი ნაბიჯი, მიზნად საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციას ისახავს.
კონსტანტინიდის განცხადებით, რუსეთის მცდელობის მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიების უკანონო მითვისებას არასდროს შეეგუება.
„ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მეთერთმეტე წლისთავის წინ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან წარმოადგენს მორიგ უკანონო მცდელობას მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია და დააკანონოს საკუთარი გავლენა ოკუპირებულ რეგიონებზე. აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს. რუსეთის მსგავსი მცდელობების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციას, ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, აფხაზეთისა და ცხინვალის არ აღიარების პოლიტიკას, რაც თვალსაჩინოდ აისახება როგორც ცალკეული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებებსა და დოკუმენტებში, ასევე, მათ ქმედით ნაბიჯებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით,“- განაცხადა კონსტანტინიდმა.