შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან გაიწვიოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
განცხადება ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მორგან ორტაგუსის თქმით, რუსეთის შეჭრა საქართველოში და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევას წარმოადგენს.
"როგორც დღევანდელმა ქმედებებმა აჩვენა, რუსეთი მუდმივად ახდენს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლებების დარღვევას. რუსეთის შეიჭრა საქართველოში და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დაუფარავს დარღვევას წარმოადგენს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაადასტუროს და აღასრულოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება. ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მივესალმებით იმ დღეს, როდესაც შევძლებთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასასრული აღვნიშნოთ,"-განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მორგან ორტაგუსი.