მეშახტეები, რომლებიც პროტესტს 300 მეტრის სიღრმეში გამოხატავდნენ დღის სინათლეზე 3 დღიანი შიმშილობის შემდეგ გამოვიდნენ. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრამდე მათ ზუსტად იცოდნენ, რომ შახტაში დაბრუნება მოუწევდათ. თუმცა ცდილობდნენ გაერკვიათ, ამის მიზეზი პროტესტი იქნებოდა თუ მუშაობის გაგრძელება.
გადაწყვეტილებას, რომელსაც მთელი ქალაქის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ტყიბულის მცხოვრებლები ქალაქის მთავარ მოედანზე ელოდებოდნენ. მაღაროების უკვე ყოფილმა მფლობელმა განმარტა, რომ წარმოების სხვა კომპანიისთვის გადაცემა, ფინანსური პრობლემის გამო გადაწყდა.
ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შედეგი, რომლითაც უნდა გარკვეულიყო ხელფასის გაცემის და ტყიბულის შახტების სამომავლო მუშაობის საკითხი ორ საათიანი თათბირის შემდეგ გამოცხადდა. გაირკვა, რომ დღეიდან ”საქნახშირ ჯი აი ჯის” ნაცვლად უკრაინელი ინვესტორი შევა.