ჟენევაში რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი იწყება. შეხვედრაზე ქართული მხარე, საქართველოს მოქალაქეების გატაცება, მავთულხლართების გავლებასა და საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებზე გაამახვილებს ყურადღებას.
მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაცია რუსეთისგან, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას კიდევ ერთხელ მოითხოვს.
"ვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც გათვალისწინებულია დღის წესრიგის მიხედვით. დიდ აქცენტს გავაკეთებთ იმ საკითხზე, რომელიც ეხება დევნილების უფლებებსა და მათ დაბრუნებას. ასევე შევეხებით ისეთ პრობლემურ საკითხს, როგორიც არის განათლების საკითხი და ზოგადად მიმოვიხილავთ, ყველა იმ პრობლემას რომელიც აქტუალურია აფხაზეთის რეგიონში,"- განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ.
"შეხვედრიდან ველოდებით იმ შედეგების მოგვარებას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვაქვს. პირველ რიგში, უმთავრესი პრობლემა რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობას აწუხებს, არის ე.წ გადასასვლელების ჩაკეტვა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. პირველ სამუშაო ჯგუფში აუცილებლად განხილული იქნება ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების საკითხი და ამ ფაქტზე ველოდებით კონსტრუქციულ სამუშაო გარემოს და გადაწყვეტილებები იქნება იმ ხალხის სასარგებლოდ, ვინც ადგილზე ცხოვრობს. ჩორჩანაში განთავსებული პოსტი, რომელსაც ქართული ძალოვანები აკონტროლებენ, მისი აღების თემა ჩვენი მხრიდან არ განიხილება,"- აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე.
ჟენევის მოლაპარაკებებისას, 12 წლის განმავლობაში, რუსეთის მხარეს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ხელმძღვანელობდა, მორიგ შეხვედრას ქართულ დელეგაციასთან ანდრეი რუდენკო გამართავს, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე 13 სექტემბერს დაინიშნა.