15 სექტემბერი 2026,   12:40
ვრცლად
"გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უნდათ ამ ყველაფრის მიჩქმალვა"- ოპოზიცია ციხელაშვილისთვის მწვავე კითხვების დასასმელად ემზადება

ატოცში განვითარებული მოვლენები და საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული კურსი - ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილისთვის მწვავე კითხვების დასასმელად ემზადება.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას შეფასებით, ქართული მხარე  რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ მნიშვნელოვანს არაფერს აკეთებს.

"მე არ მგონია, რომ ციხელაშვილი რამე გადამწვეტ როლს თამაშობს, აქ წამყვანი არის ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკური ხაზი, რომელიც პრაქტიკულად ამბობს, რომ არ უნდათ რუსეთი იყოს დასჯილი იმ ქმედებებისთვის, რასაც ჩადის საქართველოში. გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და უნდა ამ ყველაფრის მიჩქმალვა. ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად ჟღერდეს, რომ საზოგადოება ამ მცოცავ ოკუპაციას არ ეგუება და პროტესტი იქნება მუდმივი," - განმარტა ელენე ხოშტარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საქართველომ სტრატეგიული მიმართულებით სვლა არ უნდა შეაჩეროს.

"მთელი სისტემაა ჩამოყალიბებული უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში, რომელიც ითვალისწინებს პროექტების განხორციელებას გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ხალხის დასახმარებლად და გარდა ამისა, არ უნდა გავაჩეროთ ის სტრატეგიული მიმართულება, რომელსაც ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ ჰქვია,“ - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ციხელაშვილს საგარეო ურთიერთობათა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე მოუსმემენ.  ის კანონმდებლებს სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და "ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ" მიმდინარეობის შესახებ დეტალებს გააცნობს.

დღის ამბები