21 დეკემბერი 2024,   21:09
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციები კონფლიქტის ზონაში - ხელისუფლებას შესაბამის ქმედებებამდე ექსპერტები სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

ევროპელი დამკვირვებლების გატაცების შემდეგ, საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროები დღეს არ გამოჩენილან. პერიმეტრზე უსაფრთხოებას ამ წუთებშიც ქართველი პოლიციელები იცავენ.

ხელისუფლებამ დღეს თქვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციას შესაბამისად უპასუხებს, - "სამომავლო ნაბიჯები საერთაშორისო პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული". ამასობაში, კი სწავლების საბაბით, დე ფაქტო რეჟიმი ცხინვალში ისევ საბრძოლო რეჟიმს ინარჩუნებს.

"საოკუპაციო რეჟიმის მუქარას და პროვოკაციას საქართველოს ხელისუფლება შესაბამისად უპასუხებს"- ასეთი იყო დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია. საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან ზუგდიდში ისაუბრა.

"ცუდი ფაქტია რომ დააკავეს. ხდება მუქარები, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ჩვენც ვუპასუხებთ, რომ მოსახლეობა და ტერიტორიები დავიცვათ,"- ამბობს გომელაური.

შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მცოცავი ოკუპაცია არ არსებობს, უპასუხისმგებლო უწოდეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. ნაწილი მინისტრს ურჩევს ხისტი არა განცხადებებში, არამედ რუსეთის მიმართ წარმოებულ პოლიტიკაში იყოს. ნაწილი კი ხელისუფლებას ოკუპანტისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

ვახტანგ გომელაურის განცხადებას ადეკვატურს უწოდებს პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარია ამბობს, რომ ქართული მხარე ნებისმიერ ნაბიჯს საერთაშორისო პარტნიორებთან შეათანხმებს. ხელისუფლების სწორ პოლიტიკაზე საუბრობს იუსტიციის მინისტრიც.

"რა თქმა უნდა, ყველა სახის რეაქცია ჩვენი მხრიდან იქნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული და მათთან სრულ სინქრონში. მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს ჩვენი ყოველდღიური შრომით, იმით, რომ ეს ქვეყანა იყოს კიდევ უფრო დემოკრატიული, ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი და მიმზიდველი,"- ამბობს გახარია.

"რუსეთი მრავალი წელია აქტიურია ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ახალი ღობეების თუ კონსტრუქციების გავლება ეტაპობრივად მათი მხრიდან ხან როდის ხდება, ხან როდის," - განაცხადა თეა წულუკიანმა საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ხელისუფლებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ ექსპერტები. განსაკუთრებით ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრის შემდეგ, რასაც მათი ვარაუდით საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების გააქტიურება მოჰყვა.

მას შემდეგ რაც შედგა მინისტრებს შორის შეხვედრა გააქტიურდნენ ადგილობრივი ე.წ ჩინოვნიკები. არ არის გამორიცხული მათ არ აწყობდეთ დაძაბულობის მოხსნა და არ აწყობდეთ ჩვენი დიალოგი რუსეთთან, რადგან ჩვენი მიზანი დეოკუპაციაა,"- ამბობს ამირან სალუქვაძე.

ხმაური მოყვა დღეს სოფელ ატოცთან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს გამოჩენას.

დავით ქაცარავასა და ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრებს შაქშაქეთის საპოლიციო პოსტთან, სოფელ აბანოსა და საციხურეში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი დაუპირისპირდა.

 ადგილობრივების თქმით, დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრების საოკუპაციო ზოლთან გამოჩენა და მათი იქ ყოფნა უფრო ძაბავდა სიტუაციას.

საოკუპაციო ხაზთან მდგომარეობა რამდენიმე დღეა გართულდა, მას შემდეგ რაც ე.წ საზღვრიდან 4 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკავეს - ადგილობრივი მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილების საფრთხეებზე საუბრობს.

დღის ამბები