საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ (გეგა) გეგეშიძესა და ევროპის ორგზის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის საქმეში ახალი გარემოებებია.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა ნოტარიულად დამტკიცებული წერილი წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეები მორიგდნენ და დაზარალებულ ზურაბ დათუნაშვილს გეგა გეგეშიძის მიმართ პრეტენზია არ აქვს.
როგორც გეგეშიძის ადვოკატი ზურა როსტიაშვილი აღნიშნავს, ეს საქმეში მნიშვნელოვანი შემამსუბუქებელი გარემოებაა.
"ზურაბ დათუნაშვილს ვინ შეაშინებდა, როგორ ფიქრობთ, ვერავინ ვერ შეაშინებდა. დაფიქრდა როგორც ჩანს ბატონი ზურაბი და გადადგა რეალური ნაბიჯი. მორიგდნენ წერილობითაც, ნოტარიულად დაადასტურა, რომ არავითარი პრეტენზია გეგა გეგეშიძის მიმართ არ გააჩნია. ეს საქმის ვითარებას იმ კუთხით ცვლის, რომ ეს შემამსუბუქებელი გარემოებაა,"- განაცხადა გეგეშიძის ადვოკატმა.
საქმის პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე ხაზს უსვამს, რომ მხარეებს შორის ნოტარიულად დამოწმებული მორიგება მომხდარ ფაქტს არ ცვლის.
"ეს არ უარყოფს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც მოხდა 2019 წლის 11 იანვარს მის მიმართ თამაზ გეგეშიძის მხრიდან,"- განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, საქმე ეხება 11 იანვარს მომხდარ ინციდენტს, როცა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ, ევროპის ორგზის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის გამო გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.