18 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
იზრდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ტესტირება ჩაუტარდება - ჯანდაცვის სამინისტრომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები დაასახელა

მოქალაქეთა წრე, რომლებსაც კოვიდ-19-თან დაკავშირებით ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ, ფართოვდება. ყველაზე მოწყვლად ჯგუფად მოხუცთა თავშესაფრები და ის პანსიონატები დასახელდა, რომელთა ბენეფიციარებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და ზრდასრულები არიან. ჯანდაცვის მინისტრი და სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვირუსის მართვის მხრივ, მიზნობრივ ტესტირებას უფრო მეტი შედეგი ექნება, ვიდრე ე.წ აგრესიულს.

მოწყვლადი ჯგუფების ტესტირებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სტრუქტურის წარმომადგენლები კოვიდ-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებსაც შეხვდნენ. ექიმები, რომლებსაც ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის დიდი ხნის გამოცდილება აქვთ, ამბობენ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სწორი პროტოკოლით მოქმედებს და ტესტირების ჩატარება მიზნობრივ ჯგუფებშია აუცილებელი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ტესტირებას კოვიდ-19-ზე მნიშვნელოვანს უწოდებენ პედიატრები. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ბავშვებში ნაკლებად ვლინდება, პედიატრები მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების კონტროლი აუცილებელია.

კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს, ქვეყნის მასშტაბით, 10 კლინიკაში მკურნალობენ. ვირუსის გამოსავლენად ტესტებით მათ სახელმწიფო ამარაგებს. დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ უახლოეს მომავალში ტესტებით კერძო კლინიკებსაც მოამარაგებენ.

კერძო კლინიკების უმრავლესობა სახელმწიფო პროგრამაში უკვე ჩაერთო. სამედიცინო დაწესებულების ნაწილს სახელმწიფოსგან ტესტებიც გადაეცა. კერძო კლინიკები მომსახურებას იმ სამედიცინო დაწესებულებებს გაუწევენ, ვისაც კოვიდ-19-ით ინფიცირებულები ჰყავთ და ტესტებს თავად ვერ ატარებენ, ასევე, ტესტების გამოყენება, ჯანდაცვის სისტემის მიერ მკაცრად გაწერილი პროტოკოლის მიხედვით, მიზნობრივ ჯგუფებზე ჩატარდება.

მოქალაქეების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, რომლებსაც ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ქვეყანაში ტესტების რაოდენობასთან დაკავშირებით პრობლემა არ არის. უწყების ინფორმაციით, მარაგები მუდმივად ივსება.

დღის ამბები