კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები განახლდა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა სოფელ ოსიაურში ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულეს, ხოლო სოფელ მატანში ახლადაშენებული ამბულატორიის შენობა დაათვალიერეს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
კახეთის რეგიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ოთხი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ოსიაურის სკოლის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, რომელიც 2020 წლის ბოლოს დასრულდება, პროექტის ჯამური ღირებულება 1 200 000 ლარია.
რაც შეეხება მატანში ახლადგახსნილ ამბულატორიას, მისი მშენებლობა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 72 000 ლარი შეადგინა.
ამბულატორიაში, როტაციის წესით, 3 ექიმისა და 3 ექთნისგან შემდგარი 3 ჯგუფი მუშაობს. ამბულატორიის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და ამავე წელს დასრულდა, შენობა ექსპლუატაციაში 2020 წელს იქნა მიღებული.