პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა, თუმცა "გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით", ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
ახალი ბრალი ეხება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტს. ამავე დანაშაულებრივ ეპიზოდზე ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს.
ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2 წელი კი პირობით ჩაეთვლება. ასევე, დაეკისრა ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, მას 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც ერთ წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
ბურჭულაძე და მხეიძე უკვე მსჯავრდებულები არიან სისხლის სამართლის სხვა საქმეზე და შესაბამისი სასჯელები აქვთ განსაზღვრული.