საქართველო ცხოვრების ჩვეულ წესს ეტაპობრივად უბრუნდება. დღეიდან ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი ამოქმედდა.
74 დღიანი პაუზის შემდეგ დღეიდან გაიხსნა და მუშაობა უკვე შეუძლია ყველა სახის ღია მაღაზიას, მათ შორის - მოლებს.
"თერმოსკრინინგი ხდება თერმული კამერის საშუალებით, რომლისგანაც ინფორმაცია შემოდის პლანშეტში და პლანშეტი, მაღალი ტემპერატურის შემთხვეევაში, გამოსცემს ხმას. თუ ვინმეს აღენიშნა მაღალი ტემპერატურა, ვიღებთ შესაბამისს ზომებს," - განაცხადა ერთ-ერთი მოლის თანამშრომელმა.
"სითი მოლის" მარკეტინგის დირექტორის, სოფო ელოშვილის განცხადებით, მოქალაქეებს მოლებში შესვლის დროს უწევთ სხვადასხვა პროცედურის გავლა, მათ შორის, თერმოსკრინინგი, ხელების დეზინფიცირება, პირბადის გაკეთება.
მისივე თქმით, დილიდან მაღაზიებში ხალხმრავლობაა.
მუშაობა განაახლეს ღია სივრცის მქონე რესტორნებმაც.
არსებული რისკების ფონზე ისევ რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი შეზღუდვა, მათ შორის ტაქსებში 3 ადამიანზე მეტის ყოფნა ისევ აკრძალულია. იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან, შეზღუდვა მოქმედებს საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებზეც.