პირბადეების სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების კანონპროექტს დეპუტატები დღეს ბიუროს სხდომაზე დააყენებენ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, ცვლილების მიხედვით, ხალხმრავალ ადგილას პირბადის უგულებელყოფა 50 ლარით დაჯარიმდება.
ასევე, დღევანდელ სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევისთვის 3000-ლარიანი ჯარიმების შემცირების საკითხსაც განიხილავენ. ბიუროზე განიხილება პანდემიის პირობებში მიღებული დახმარების დოკუმენტების რატიფიცირებაც.
"დგინდება ჯარიმები იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეების მიერ სავალდებულოა პირბადეების ტარება დახურულ სივრცეში, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ამ წესების დარღვევა ფიზიკური პირებისათვის, ეს იქნება 50 ლარის ოდენობით ჯარიმა, ხოლო იურიდიული პირებისათვის - 500 ლარის ოდენობით. მცირდება საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული ჯარიმების ოდენობა, კონკრეტულად, საკარანტინო ზონების ტერიტორიაზე დარღვევისათვის 2000 ლარამდე დავიდა ჯარიმა ფიზიკური პირებისათვის, ხოლო იურიდიული პირებისათვის - 10 000 ლარამდე,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.