ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები დაავადების მეორე ტალღას ელოდებიან, იქამდე კი გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ.
"არ მოვდუნდეთ" - ასეთია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელების რჩევები, ვინაიდან ვირუსის მეორე ტალღა გველის. ამაზე არა მხოლოდ საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, არამედ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც საუბრობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ის, რომ საქართველოს ინფიცირებულთა დაბალი მაჩვენებელი ჰყავს - მონაპოვარია და ამას შენარჩუნება სჭირდება. შესაბამისად, საქართველო, ოქტომბრის ბოლოდან ვირუსს მომზადებული უნდა შეხვდეს.
"ის ადამიანები, ვინც ასე ვთქვათ ამ დარგში მუშაობენ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მოელის მეორე ტალღას. არის ეს ასე ვთქვათ ძველი გამოცდილება პირველ რიგში, ეს არის 1918 წლის პანდემიის გამოცდილება, 2009 წლის პანდემიის გამოცდილება. ორივე ამ პანდემიას ჰქონდა მეორე ტალღა.
ყველაფრის ალბათობა არსებობს, მაგრამ დიდი ალბათობით ეს უნდა იყოს და თუ წესებს არ დავიცავთ ამ მეორე ტალღას უცებ მოვაახლოვებთ ასე ვთქვათ," - აცხადებს პაატა იმნაძე.