პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის არჩევისას სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"მე მაინც მგონია, რომ უნდა დაველოდოთ კენჭისყრას და მიიღებენ სამართლიან გადაწვეტილებას, ობიექტურს. მე ასე მგონია. ვინ იქნება კანდიდატურა, მე ნამდვილად არ ვიცი," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობილია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები - თანამდებობისთვის 2 მოსამართლე, ირინა იმერლიშვილი და მერაბ ტურავა, იბრძვის.
იმერლიშვილმა და ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით უკვე მიმართეს. ტურავას კანდიდატურა ხუთმა მოსამართლემ წარადგინა, იმერლიშვილის კი ოთხმა. განცხადებების განხილვის შემდეგ დასახელებულ კანდიდატურებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა უყაროს კენჭი. თავმჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 5 ხმაა საჭირო. პლენუმის სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უფლებამოსილების ვადა უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს, ამოეწურა.