თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. მისივე განმარტებით, ორივე მათგანი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
მარინა ეზუგბაიამ განმარტება გუშინდელ დადასტურებულ შემთხვევებზეც გააკეთა. მისი ინფორმაციით, 8 შემთხვევიდან ერთი ბოლნისის, ერთი კი მარნეულის კლასტერს მიეკუთვნება, ხოლო დანარჩენი 6 იმპორტირებულია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 908-ს შეადგენს.
მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა და 761-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.