27 აპრილი 2024,   05:11
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე - პროკურატურა ნარეკვავში მომხდარი დაპირისპირების ვიდეოკადრებს ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა 19 წლის გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას და ვიდეო-მასალას ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარი ცემის და თავდასხმის ფაქტები დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვებით, რომლებიც დეტალურად აღწერენ კონფლიქტის დაწყების მიზეზებს და მასში მონაწილე მხარეებს, მიუთითებენ დანაშაულის ჩამდენ პირებზე. აღნიშნული დასტურდება ასევე ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით და მოწმეთა მონაწილეობით ჩატარებული აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით. ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერებით დგინდება, თუ როგორ აყენებენ ბრალდებულები ფიზიკურ შეურაცხყოფას დაზარალებულებს, აღნიშნული ვიდეოჩანაწერებით ასევე დგინდება, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარედ როგორ დაესხნენ თავს გიორგი შაქარაშვილს, და მის თანხმლებ პირებს, რა დროსაც კოკო ღობრაძეზე, გიორგი ქათამაძეზე და ვახო ახვლედიანზე განახორციელეს ძალადობა, რის შემდეგაც უკვე ნაცემებს და ასევე მათთან ერთად გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს და გურამ ამირხანაშვილს გამოედევნენ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. ვიდეოჩანაწერებით ასევე დასტურდება მცხეთიდან წამოყვანილი, თავისუფლებააღკვეთილი ამირხანაშვილის თბილისში, დიდუბის რაიონში დატოვების ფაქტი, რა დროსაც მას არ ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების საშუალება. მცხეთაში, დაზარალებულთა თავდასხმის ადგილიდან ამოღებულია ლითონის ხელკეტი, ასევე თავდასხმამდე გადაღებული ვიდეოკადრები.

პროკურატურის ცნობით, ამავდროულად, გამოძიების დაწყების დღიდან, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა რიცხვი ამ ეტაპისთვის 750-ზე მეტია, მათ შორის: საქმის ირგვლივ გამოიკითხა 60-მდე პირი და მოწმეთა დაკითხვა ამ ეტაპზეც გრძელდება; ამოღებულია მომხდარი ფაქტების დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი 46 პირის მობილური ტელეფონი და მათი ტანსაცმელი; ჩატარდა 40-მდე პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა რამდენიმე ათეული, სხვადასხვა სახეობის კომპიუტერული ტექნიკა, საიდანაც ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა; 36 პირს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა; საექსპერტო კვლევისათვის აღებული იქნა სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი ნიმუში; მოპოვებულია ასევე მომხდარი ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა და განხორციელდა მათი დათვალიერება;

ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით. ლაბორატორიული კვლევებისთვის დამატებით აღებულია მასალები, რაზეც მიმდინარეობს შესაბამისი ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები. ამასთან, ექსპერტიზაში ჩართულია დაზარალებული ოჯახის ინიციატივით მოწვეული ექსპერტიც. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

საქართველოს პროკურატურა მზაობას გამოთქვამს დაზარალებულის ოჯახთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის, ასევე, საქმის მიმართ საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით მედიასთან და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისთვის, შესაბამისად პროკურატურა მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა არ შეეშალოს ხელი საქმეზე სრულყოფილი, ობიექტური გამოძიების წარმართვას და მართლმსაჯულების აღსრულებას. 

 

დღის ამბები