24 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების 10-ტომიანი საქმე -  გამოიკვეთა კიდევ ორი პირი, რომლებიც ავტობანზე მოძრაობდნენ

ბოლო 10 დღის ყველაზე გახმაურებული საქმის ახალი დეტალები ყოველდღიურად ირკვევა. დღეს "კურიერმა" მოიპოვა საბედისწერო ღამის "ოქროს მოწმის" ჩვენება, რომელიც 2 ახალი ფიგურანტის შესახებ ყვება.

იაკობ ბრეგვაძე, იგივე ფოტოგრაფი, თავის ჩვენებაში იმ ორ ადამიანს ახსენებს, რომლებზეც ვერცხლისფერი ავტომობილის მგზავრების ადვოკატები მათი დაკავებისთანავე საუბრობდნენ. ისინი, სავარაუდოდ, ლაშა შერმადინი და გიორგი მერაბიშვილი არიან, რომლებიც წვეულების სტუმრები იყვნენ და ტატიაშვილის ავტომობილით უკან უნდა ჩამოეყვანათ. ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ ორი ახალი ფიგურანტი 18 ივნისის ღამეს შაქარაშვილის და მისი თანმხლები პირების კვალდაკვალ გადაადგილდებოდნენ.

"კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდებს ტელეფონის ნომრები გამოართვეს დიჯეისა და მის მეგობარ გიორგი ქათამაძეს და დაბადების დღეზე მომხდარი დაპირისპირების მომდევნო დღეს საქმის გარჩევაზე შეთანხმდნენ. სავარაუდოა, რომ ტელეფონების გაცვლის შემდეგ ახალგაზრდებმა შეტყობინება "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მგზავრებს გაუგზავნეს და აცნობეს, რომ დიჯეი, ვის გამოც წვეულებაზე დაპირისპირება დაიწყო, ავტობანზე ფეხით გადაადგილდებოდა. რამდენიმე წუთში კი მათთან ჯერ ვერცხლისფერი მანქანა, შემდეგ კი შავი ფერის "ტოიოტა" გაჩერდა. იაკობ ბრეგვაძე თავის ჩვენებაში ამბობს, რომ "მერსედესიდან" ხელკეტითა და ქვებით შეიარაღებული პირები გადმოვიდნენ.

იაკობ ბრეგვაძე, იგივე მშენებარე შენობაში დამალული ფოტოგრაფი, ჰყვება, რომ 112 -ში ჯერ კიდევ მაშინ დარეკა, როდესაც პირველი ავტომობილი მივიდა. ორივე ინციდენტი ტერიტორიაზე ისე ამოიწურა, რომ საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა შემთხვევის ადგილზე მისვლა ვერ შეძლეს. ჩვენების მიხედვით პოლიცია შემთხვევის ადგილზე ინციდენტის ამოწურვის შემდეგ გამოჩნდა და იაკობი თბილისში ჩამოიყვანა. იაკობის ამ ჩვენებსაც კარგად იცნობს დაღუპული ფეხბურთელის ბიძა. საქმეში ორი ახალი ფიგურანტის შესახებ ინფორმაცია აქვს და იმედოვნებს, რომ ახალგაზრდები გამოძიებასთან მაქსიმალურად ითანამშრომლებენ.

გავრცელდა ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონის ჩვენებაც. გიგა ტატიშვილი ახლა ბრალდებულის სკამზე ზის. ის ამტკიცებს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილება არ მიუღია. მისივე თქმით, სიტყვიერი უთანხმოება ჯერ კიდევ დაბადების დღის სუფრაზე დაიწყო, მაგრამ ის არც ერთხელ არ ჩარეულა. ტატიშვილი ის პირია, რომელმაც ნაცემი ნაძალადეველები თბილისში წამოიყვანა, თუმცა მათივე თხოვნით უკან დაბრუნდა, რადგან, ჩვენების მიხედვით, მას ახალგაზრდებმა მცხეთაში დაბრუნება და მეგობრების წამოყვანა სთხოვეს. გიგა ტატიაშვილი გამოძიებას უყვება, რომ არ იცნობს მორაგბესა და ასკანელის მწვრთნელ ნიკა ჟვანიას, რომლმაც, სხვადასხვა ჩვენების მიხედვით, ჩხუბის დროს რკინის ხელკეტი გამოიყენა.

ვახო ახვლედიანის ადვოკატი გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ ეს არის მკვლელობა და არა უბედური შემთხვევა. გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირის დაცვის მხარე ამბობს, რომ ახვლედიანი ერთადერთია იმ ექვსეულში, რომელმაც შაქარაშვილი ბოლოს ცოცხალი ნახა. მისი თქმით, ვახო ახვლედიანი გიორგი შაქარაშვილთან ერთად გაიქცა მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, რა დროსაც უკან "ტოიოტას" მარკის ავტომობილის რამდენიმე მგზავრი მოსდევდათ. ისინი იგინებოდნენ და ყვიროდნენ, ვახო ახვლედიანმა დამალვა შეძლო, გიორგი შაქარაშვილი გაიქცა და მას უკან გაეკიდნენ. მზია ქასრაშვილი ადასტურებს იმ ფაქტსაც, რომ ახვლედიანმა საკუთარი პერანგი შემთხვევის ადგილზე დატოვა, თუმცა არ ფლობს ინფორმაციას, იყო თუ არა თეთრ პერანგზე სისხლის ლაქები.

დაკავებული პირების ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მკვლელობაზე საუბარი ნაადრევია. 17 ბრალდებულის უფლებადამცველები ექსპერტიზის პასუხების მოლოდინში არიან. ყველა ადვოკატს განჩინება დაგვიანებით ჩაბარდა. უფლებადამცველები დღესაც ამტკიცებენ, რომ დაკავებულები უდანაშაულოები არიან და მათ წინააღმდეგ ბრალდებას სუსტი არგუმენტები აქვთ. ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ.

გიორგი შაქარაშვილის საქმე 10 ტომს მოიცავს, რომელშიც 750 საგამოძიებო მოქმედების, 60 მოწმის ჩვენების და უამრავი ვიდეო და აუდიომასალა დევს. შინაგან საქმეთა მინისტრი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა დღესვე გაკეთებული მისი პირველი კომენტარით ირკვევა, რომ უწყებაც ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.

ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ გიორგი შაქარაშვილის სახის არეში ბლაგვი საგნისთვის დამახასიათებელი დაზიანებები აქვს მიყენებული. საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, საექსპერტო ბიურო და დამოუკიდებელი სპეციალისტები შედეგების დადებას დაჩქარებული წესით ცდილობენ. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის, სიკვდილის მიზეზი. 17 პირიდან არც ერთი ბრალს არ აღიარებს, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ არ არის გამორიცხული, მათი ბრალი დამძიმდეს ან დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს.

დღის ამბები