აუქმებს თუ არა დროებით კომპანია Wizz Air ი ქუთაისში არსებულ ბაზას - გავრცელებულ ინფორმაციაზე კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში ცენტრალური ოფისის განცხადებას და პოზიციას ელოდება. ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარის გაკეთება უჭირთ აეროპორტების გაერთიანებაში. რას გადაწყვეტს ერთ-ერთი მსხვილი და დაბალბიუჯეტური სერვისის მქონე ავიაკომანია, ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ბაზის გაუქმება სუფთა ტექნიკური საკითხია და ეს არ ნიშნავს რეისების შეწყვეტას. მინისტრის განმარტებით, აქ საუბარია ხომალდების განლაგებაზე, თუ სად შეიძლება იყოს განთავსებული ხომალდები და ამაზე გადაწყვეტილება კომპანიამ შეიძლება ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით მიიღოს:
"Wizz Air არ ტოვებს საქართველოს ბაზარს და დარწმუნებული ვარ, რომ თავადაც დაადასტურებს. Wizz Air შემოვიდა 2012 წელს, შემდეგ ჩვენი ხელშეწყობით გააფართოვა თავისი ფრენების არეალი და კოვიდამდე დაახლოებით 30 მიმართულებით დაფრინავდა. ეს არის სუფთა ტექნიკური საკითხი. მთავარი არის, რომ Wizz Air მზადაა აღადგინოს ფრენები როგორც კი შეთანხმება შედგება ჩვენთან, თუ რა მიმართულებები შეიძლება იყოს, როგორ განვახორციელებთ ეპიდემიოლოგიურ კონტროლს,"- განაცხადა ნათია თურნავამ.