ბათუმელი მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე ახალ გარიგებებზე საუბრობს. ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თორნიკე რიჟვაძის მამასთან შეხვედრის დეტალებზე აღარ ესაუბრა, სანაცვლოდ კი ქვეყნის დატოვება შესთავაზეს.
წულუკიძის თქმით, მასზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზეწოლას ახდენს. მისი გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი კი სწორედ რიჟვაძის მამის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან შეხვედრის დეტალების გასაჯაროება გახდა.
ფირუზ წულუკიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და თორნიკე რიჟვაძის მამა მას და მის ოჯახს საარჩევნოდ დახმარების სანაცვლოდ გარიგებას სთავაზობდნენ. შეთანხმება არ შედგა, რის შემდეგაც ორი პირი, რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს 15 საათზეა ჩანიშნული.
"პროკურატურიდან გუშინ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ დღეისთვის უნდა გამოვცხადებულიყავი პროკურატურაში ჩემს მიერ ტელევიზიაში გაკეთებული განცხადების გამო. სასამართლო სხდომა ჩამინიშნეს ჩემს წარსულ ანუ უკვე მოხდილ სასჯელთან დაკავშირებით. მე ვიცოდი, რომ ეს პროცესები არ უნდა ჩანიშნულიყო, მაგრამ ახლა ჩემი აქტიურობიდან გამომდინარე შემომითვალეს, რომ თუკი ამ საქმეს შევეშვებოდი და აღარ გავახმაურებდი საზღვარგარეთ გამიშვებდნენ. საზღვარგარეთ ზოგადად არ მიშვებენ მე თუ მოვითხოვე, არა და მაქვს უფლება წავიდე," - განაცხადა მოჭიდავემ ფირუზ წულუკიძემ.