19 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
კოალიცია "ღირსეული შრომისთვის" ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური აგენტების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

კოალიცია "ღირსეული შრომისთვის" სოციალურ აგენტებს მხარდაჭერას უცხადებს და სამინისტროს დასაქმებულთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ორგანიზაცია უწყებას ურჩევს დაიწყოს მოლაპარაკებები და პრობლემა დიალოგის გზით გადაიჭრას.

"ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ სოციალურ აგენტებს და მიგვაჩნია, რომ მათი მოთხოვნები არის ძალიან სამართლიანი და საფუძვლიანი. ვიმედოვნებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო ახლა მაინც იმოქმედებს გონივრულად და გაითვალისწინებს სოციალური აგენტების მოთხოვნებს,"- აცხადებს სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის გამგეობის წევრი სოფო ღვთისიაშვილი. 

ამ მოთხოვნის საპასუხოდ განცხადება გაკეთდა ჯანდაცვის სამინისტროშიც. ცნობილია, რომ დღეიდან სოციალური აგენტების ანაზღაურება 150 ლარით გაიზარდა, 100 ლარით მოიმატა უფროსი სოციალური აგენტის სახელფასო ანაზღაურებამაც; ხელშეკრულების ვადები კი 6 თვემდე გახანგრძლივდა.

"დღევანდელ დღემდე მათი ფიქსირებული ანაზღაურება შეადგენდა 100 ლარს. დღეიდან შესული ბრძანების თანახმად, მათი ანაზღაურება იქნება 250 ლარი, პლუს, რა თქმა უნდა, მათ მიერ გამომუშავებული თანხა. ასევე, უფროსი სოცაგენტის ფიქსირებული ანაზღაურება შეადგენდა 450 ლარს, ხოლო დღევანდელი დღიდან მათი ანაზღაურება იქნება 550 ლარი. ბრძანების თანახმად, მათი კონტრაქტები გახანგძლივდა წლის ბოლომდე. წლის ბოლომდე ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ვისაც ეკუთვნის უვადო ხელშეკრულებები, უკვე პირველი იანვრიდან მათი კონტრაქტები იქნება უვადო, ხოლო ვინც ამ პარამეტრში ვერ ჩაჯდება, მათი კონტრაქტები იქნება 1 წლიანი. ამ ცვლილებებს დაემატა მათი შვებულებაში გასვლის თანხების, იძულებითი მოცდენის შემთხვევაში და მათი პრემირების სისტემის კუთხეზე მიღებული ცვლილებები და ეს ცვლილებებია, რომ მათი ეს ანაზღაურება დაითვლება ბოლო სამი თვის ნამუშევრის მიხედვით,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა.

დღის ამბები