19 ნოემბერი 2024,   00:15
ვრცლად
არჩევნების დღეს პატრული დასდევს სათითაო ამომრჩეველს და ძალის გამოყენებით გამოჰყავს 25 მეტრიან რადიუსიდან - ირაკლი კობახიძე

პარლამენტმა პირველი მოსმენით დღეს მიიღო საარჩევნო კოდექსი, მეორე მოსმენაც უკვე დაწყებულია.

კენჭისყრა ხვალ იგეგმება. იქამდე მსჯელობა გაგრძელდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.მას ესწრება გენერალური აუდიტორის მოადგილეც, რომელსაც ახალ ინიციატივაზე აქვს შენიშვნები.

საუბარია ვალდებულებაზე, რომლის მიხედვითაც აუდიტის სამსახურმა უნდა აკონტროლოს-იქნება თუ არა დარღვევები პოლიტიკური რეკლამის დროს.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკატერინე ღაზაძე აცხადებს, რომ რეგულაციების და კონტროლის ფუნქცია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციაა.

"მაკონტროლებლის ფუნქციის შეძენა, მედიასთან მიმართებაში, ვფიქრობ, აუდიტის სამსახურის ფუნქციასაც სცდება. ეს აუდიტის სამსახურის რეპუტაციას მიაყენებს ზიანს. გვაქვს ინიციატივა, რომ რეგულაცია, კონტროლი დარჩეს ისე, როგორც არის, ანუ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში,"- განაცხადა ეკატერინე ღაზაძემ.

საარჩევო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში იკრძალება სააგიტაციო მასალის განთავსება. ასევე, შენობიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ოპოზიციას მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს.

"წარმოიდგინეთ, რა სურათი იქნება ტელევიზიებში, როდესაც არჩევნების დღეს პატრული დასდევს სათითაოდ ამომრჩევლებს და ძალის გამოყენებით გამოჰყავს 25 მეტრიან რადიუსიდან. ამის პროვოცირება არის უმარტივესი და ოპოზიციას ვთავაზობთ მემორანდუმის გაფორმებას,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის თანახმად, განიხილება პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც პირდაპირ იქნება დამოკიდებული მიღებული ხმების რაოდენობაზე. მკაცრდება რეგულაციები ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება. საარჩევო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში იკრძალება სააგიტაციო მასალის განთავსება. ასევე შენობიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება.

დღის ამბები