19 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 1 წლის შემდეგ, ბრალი სკოლის პედაგოგებს წარუდგინეს

ლაგოდეხის რაიონში, ნინოსხევში 1 წლის წინ უბედური შემთხვევა მოხდა. 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი კლასთან ერთად ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გოგონას ფეხი დაუცდა და ჩანჩქერში ჩავარდა, მისი ცხედარი სამაშველო ჯგუფებმა მეორე დღეს წყალში იპოვეს.

ხმაურიან საქმეზე, 1 წლიანი გამოძიების შემდეგ, პროკურატურამ ბრალი სკოლა "ალბიონის" 2 პედაგოგს წარუდგინა - დამრიგებელს ნელი სონღულაშვილსა და სპორტის მასწავლებელს - ვასილ ქოჩიევს. გამოძიება მათ გულგრილობას ედავება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბრალდებული პედაგოგები დღეს მედიასთან არ გამოჩენილან, ვასილ ქოჩიევის სახლში "კურიერს" უთხრეს, რომ პროკურატურას პასუხს სპორტის მასწავლებელი თავად გასცემს.

გამოძიებით ირკვევა, რომ კლასის ექსკურსიაზე პასუხისმგებლობა დამრიგებელს – ნელი სონღულაშვილს ეკისრებოდა, რომელმაც იცოდა, რომ ჩანჩქერში შესვლა მოსწავლეებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, ნელი სონღულაშვილი მხოლოდ ერთჯერადი გაფრთხილებით შემოიფარგლა და 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილს წყალში შესვლის საშუალება მისცა. ვასილ ქოჩიევმა კი, რეინჯერების მოწოდების მიუხედავად, კლასთან ერთად ნინოსხევის ჩანჩქერისკენ მსვლელობა მაინც გააგრძელა.

ნელი სონღულაშვილმა პედაგოგიური საქმიანობა ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ერთი წლის წინ დაასრულა. ვასილ ქოჩიევი კი, ამ დრომდე, სკოლა "ალბიონის" მოქმედი მასწავლებელია. გამოძიება ქოჩიევისთვისაც პედაგოგიური საქმიანობის შეჩერებას ითხოვს. სკოლის ადმინისტრაცია ამ მოთხოვნას პროკურატურის ოფიციალური მიმართვის შემდეგ აღასრულებს, მანამდე კი სკოლაში "კურიერს" უყვებიან, რომ საქმის ფარგლებში გამოიკითხა "ალბიონის" ყველა პედაგოგი და ადმინისტრაცია.

დაღუპული ნიკოლეიშვილის ოჯახის წევრები პედაგოგებისთვის ბრალის წაყენებაზე კომენტარს არ აკეთებენ, ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ისინი მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებელი პირების დასჯას მაშინვე ითხოვდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ კლასთან ერთად ექსკურსიაზე მყოფ პედაგოგებს ბრალი დაუმტკიცდებათ, მათ 2-იდან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

დღის ამბები