საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია მხარს არ უჭერს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსი ამ ცვლილებებით მმართველმა გუნდმა საკუთარ საჭიროებებს მოარგო.
"ფაქტობრივად, "ქართული ოცნება" საარჩევნო კოდექსს ირგებს საკუთარ თავზე, რათა კვლავ შეძლოს მანიპულაციები, გაყალბება, მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. კიდევ უფრო მეტად ზღუდავს მედიის თავისუფლებას, უწესებს ფასს და ფაქტობრივად, სარეკლამო ფასის შეცვლა არ შეუძლია. აკონტროლებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას, სთხოვს პირველად დოკუმენტაციას და, ფაქტობრივად, მარეგულირებელს ზედმეტ პოლიციურ უფლებას აძლევს," - აცხადებს რომან გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, არ არის გათვალისწინებული მთავარი რეკომენდაციები, რომლითაც ამომრჩევლის შანტაჟისა და დაშინების პრევენცია უნდა მოხდეს.
"მთავარი რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული, მთავარი წუხილი, რაც 2018 წლის ბოლო დასკვნაში იყო - ამომრჩეველზე ზეწოლა, დაშინება და ვინ აშინებს - საარჩევნო უბნებთან შეკრებილი კრიმინალური ელემენტები და "ქართული ოცნების" მეგობრები და მათი პარტიული აქტივისტები. არ არის გათვალისწინებული ჩვენი შეთავაზება, რომ აიკრძალოს საარჩევნო უბანზე მობილური ტელეფონის შეტანა, რადგან ხშირად აიძულებენ ამომრჩეველს, რომ ბიულეტენის სურათი გადაიღონ,"-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. დოკუმენტის განხილვა დაჩქარებული წესით ხდება. ცვლილებები პარტიების დაფინანსების ახალ მოდელს გულისხმობს, რომელიც პირდაპირ იქნება დამოკიდებული მიღებული ხმების რაოდენობაზე. ასევე, მკაცრდება რეგულაციები საარჩევნო უბნებთან კოორდინატორების ყოფნასთან დაკავშირებით. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 91 დეპუტატის მხარდაჭერით გუშინ დაამტკიცა.